სტატიები

გზის მოწესრიგება წყლის სისტემის რეაბილიტაციის პარალელურად – ხაშურის მერიის გეგმა 

სასმელი წყლის პრობლემა და მოუწესრიგებელი ქუჩები – წლებია ეს საკითხები ხაშურში გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ჯერ კიდევ 2021 წელს ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს ჰპირდებოდა, რომ ქალაქს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნებოდა, თუმცა დაპირებული მასშტაბური პროექტის განხორციელება დაგეგმილ დროში არც დაწყებულა და არც დამთავრებულა. 

წყლისა და კანალიზაციის სისტემის პრობლემა ხაშურში – როდის დაიწყება სამუშაოები 

“წყალი გვჭირდება პირველ რიგში, ამდენი ბინებია, ამხელა მოსახლეობა და ჭები გვაქვს, რას ვსვამთ არ ვიცით”, – ამბობენ ხაშურელები. 

ადგილობრივებს გაუმართავი წყალარინების სისტემისა და მოუწესრიგებელი გზის საფარის გამო, გადაადგილების მნიშვნელოვანი პრობლემები ექმნებათ და წლებია ადგილობრივ ხელისუფლებას მოგვარებას სთხოვენ. 

“როდის დაიგება გზა გაგარინზე და როდის გვექნება წყალი? ახლა წყლის პროექტის ზღაპრები არ მინდა, ეგ ვიცი და არ მჯერა”, – წერს ლალი გელაშვილი. 

“ქვესკნელი ჩანს, იმხელა ორმოებია თაყაიშვილის ქუჩაზე, ყოფილი ტელმანი. ბორჯომის და აღმაშენებლის კვეთაზე, იმ ორმოში რომ მანქანა ჩავარდეს, აუცილებლად დიდი ავარია მოხდება. მანდ სისწრაფით მოძრაობენ მანქანები. ჭალის მაღაზიასთან, ხიდის გადაღმა ხომ შეუძლებელია გავლა და კიდევ უამრავი უბანი”, – ამბობს ნინო ძინძიბაძე. 

ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს აიმედებს, რომ წყლის სისტემის პროექტის განხორციელება მალე დაიწყება და პარალელურად მოწესრიგდება ქუჩებიც. 

“ძირითადად, ქალაქის ქუჩები ყველგან მოსაწესრიგებელია და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია მოაწყობს საგზაო ინფრასტრუქტურას, წყლის პროექტის განხორციელების პარალელურად. რაც შეეხება წყლის პროექტს, უკვე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები”, – ამბობენ ხაშურის მერიაში. 

ხაშურში გზების პრობლემაზე საუბრობს მუნიციპალიტეტის მერიც. თენგიზ ჩიტიაშვილი ამბობს, რომ ქალაქის ქუჩებში გზები იმდენად დაზიანებულია, რომ ხშირად ორმოულების ამოვსებაც კი არ შველის. 

” მოსახლეობა ყოველთვის უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ სოფელში აგებთ გზას და ხაშურში არ აკეთებთ. მესმის მათი, იმიტომ რომ რა გზაც ახლა გვაქვს, იმდენად არის მწყობრიდან გამოსული, რომ მისი დროებითი აღდგენა, ორმოულების ამოვსებას ვეძახით ამას, შედეგს ვერ გვაძლევს”, – ამბობს ჩიტიაშვილი. 

ხაშურის მერიის ცნობით, ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის სამუშაოების დასაწყებად კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. აღნიშნული პროექტისთვის განსახორციელებლად საერთაშორისო ტენდერი იყო გამოცხადებული. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.