ადამიანები

65 წელი ადამიანებზე ზრუნვაში – 90 წლის ექიმის ისტორია

“მახსოვს სოფელი თერეგვანი ზნაურსა და ცხინვალს შორის იყო. სამსახურში ძირითადათ ფეხით მიწევდა სიარული. მაშინ პატარა, 24 წლის, გამხდარი გოგო ვიყავი.”

ლილი ვარძელაშვილი ახლა 90 წლისაა. ქალი, რომელმაც საკუთარი სამედიცინო საქმიანობისთვის ქარელის საპატიო მოქალაქის წოდება მიიღო, ამ დრომდე პედიატრად მუშაობს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ლილიმ სამუშაო ადგილი რამდენჯერმე შეიცვალა. მისი პირველი სამსახური კი სოფელ თერეგვანში მდებარე ამბულატორია იყო.

“1958 წელს დავამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტი და მკურნალი ექიმი გავხდი. სწავლის დამთავრების შემდეგ, მე არჩევანი გავაკეთე ზნაურის რაიონ სოფელ თიღვზე, რადგან დედაჩემი იმ სოფლიდან იყო, თუმცა შემდეგ აღმოჩდა, რომ სოფელ თერეგვანში მოხდა ჩემი განწესება”.

რთული წლების, დაბალი ანაზღაურების და დატვირთული სამუშაო რეჟიმის მიუხედავად, საკუთარ პროფესიულ არჩევანში არასოდეს დაეჭვებულა.

“სულ მეკითხებიან, არ იღლებიო. არ ვიღლები, ყოველ მე-4 დღეს ვარ მორიგე. სამი დღე ვისვენებ და მერე მოვდივარ. რამ უნდა დამღალოს? ყველაფერი მოწესრიგებული მაქვს, ეს სამუშაო არაფერია იმასთან შედარებით, რაც წინა წლებში მაქვს გამოვლილი.”

წლებთან ერთად, ლილისთვის საკუთარი საქმე ენერგიის წყაროდ იქცა. ფიქრობს, რომ ამ დრომდე მუშაობის სურვილს და მოტივაციას სწორედ საკუთარი საქმის სიყვარული უნარჩუნებს.

“მეკითხებიან ხოლმე, რა არის თქვენი ჯამრთელობის ელექსირიო. ვპასუხობ, რომ საქმის სიყვარული. თუ საქმე, რასაც აკეთებ, გიყვარს, იმ საქმით არ დაიღლები. გარდა ამისა, ბავშობიდან მომყვება ჯანსაღი ცოვრების წესი და დღემდე ასე ვაგრძელებ.”

ლილი 2021 წელს სამედიცინო ქსელმა “ევექსმა” გულის ორდენით დააჯილდოვა.

“ძალიან მიყვარს ჩემი პაციენტები. ავად როცა არიან, სულ მინდა ვიზრუნო მათზე. ამას ბავშვებიც გრძნობენ”.

65-წლიანმა სამუშაო გამოცდილებამ ლილის ძვირფასი მოგონებებიც დაუტოვა, რომელთა გახსენებაც განსაკუთრებით უყვარს.

“ერთი პაციენტი მყავდა. 4 თვის იყო. ძალიან მძიმედ. მახსოვს, იმდენად განვიცდიდი მის მდგომარეობას, სულ მის გვერდით ყოფნა მინდოდა. ახალი წელი დგებოდა, თუმცა მე ის ღამე მის მოვლაში გვატარე. სახლში არ წავედი. სასწაულებრივად გადარჩა. შემდეგ გაიზარდა და დაოჯახდა. ბევრი წლის შემდეგ კი აღმოვაჩინე, რომ მარტო მას კი არ ვახსოვდი, ჩემ შესახებ მისმა შვილებმაც კი იცოდნენ”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი