ადამიანები ისტორიები

“ფარდის მიღმა” – საყმაწვილო თეატრი კასპში, რომელიც 20 მდე ახალგაზრდას აერთიანებს

კასპის საყმაწვილო თეატრი, რომელიც ერთი წლის წინ ჩამოყალიბდა, საბერძნეთში გასტროლზე მიიწვიეს. ისინი აუდიტორიას ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებიდან ამონარიდებს უჩვენებენ.

თეატრალური დასი “ფარდის მიღმა” ადგილობრივი მაყურებლის წინაშე უკვე წარსდგა. როგორც ამბობენ , მათ უამრავი აპლოდისმენტი და გულშემატკივართა სიყვარული დაიმსახურეს.

14 წლის  ნინი ქურდაძე მერვე კლასელია. ის რეპეტიციებზე სოფლიდან დადის. ხშირად ტრანსპორტირების პრობლემა ექმნება, თუმცა მეცადინეობას არასდროს აცდენს.

“სვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია, მსახიობობა, სცენა, ეს ყველაფერი ჩემშია, ჩემს გულშია და როდესაც აქ მოვდივარ, ყველა და ყველაფერი მავიწყდება. ეს სპექტაკლი არის სამშობლოს სიყვარულზე, სიცოცხლეზე, გამარჯვებაზე, თუმცა ჩემი როლი ამ შემთხვევაში უარყოფითია, სიკვდილს ვთამაშობ, რომელზეც სიცოცხლე იმარჯვებს და ეს გამარჯვება ასხივოსნებს ყველაფერს. ჩვენს ასაკში რთულია როლი, ემოცია გაითავისო, ძალიან მიჭირდა ხოლმე და მიფიქრია კიდევაც წასვლაზე,  მაგრამ თანდათან შევეჩვიე და არ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ გატაცებაა. მე მინდა თეატრში ვიყო”, – ამბობს ნინი.

16 წლის ანი ბერიანიძე საყმაწვილო თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელთან მეტყველების გაკვეთილებზე მივიდა. ერთ დღეს კი, შემთხვევით თეატრის კულისებში იმ დროს აღმოჩნდა, როცა რეპეტიცია მიმდინარეობდა.

“შევიჭყიტე კულისებიდან, როდესაც დასი რეპეტიციას გადიოდა, ამის შემდეგ მე თეატრი აღმოვაჩინე და თეატრმა – მე. სპექტაკლში სიტყვა არ მაქვს, მე ემოციით ვთამაშობ, სადაც უნდა გამოვხატო შიში, მწუხარება, პატრიოტიზმი. რთულია, მაგრამ თუ გაითავისებ პერსონაჟის განცდებს, მაშინ ეს ყველაფერი მარტივად გამოვა. შეიძლება, აქ ვინც ვართ, ყველა მსახიობები არ გამოვიდეთ, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ჩვენთვის უდიდესი ფუფუნებაა, რომ თეატრალურ სამყაროს ვეზიარებით და შეხება გვაქვს უდიდეს კულტურასთან”, – გვიყვება ანი.

მსახიობობასა და კინოში გადაღებაზე ოცნებობს დასის ერთ-ერთი წევრი თაკო გოგიაშვილი. ამბობს, რომ სცენა და აპლოდისმენტი მას განსაკუთრებულ სიხარულს ანიჭებს. 

“როდესაც პირველად სცენაზე დავდექი და აუდიტორიას წარვუდგინე თავი, ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ პირველი აპლოდისმენტის შემდეგ, ეს დაძაბულობა მოიხსნა. ტაშს დიდი მნიშვნელობა აქვს, უფრო თავდაჯრებულს გხდის. ფარდის მიღმა როდესაც ვდგავარ, ყველა ემოცია ერთად მაწვება, მაგრამ სცენა ყველაფერს მავიწყებს. საგასტროლო სპექტაკლში მე სიცოცხლეს ვთამაშობ, რომელიც სიკვდილს ამარცხებს.  წარმოდგენას კი ხორუმის მოძრაობებით ვასრულებთ, ეს ერთიანობის სიმბოლოა, ჩვენ გვჯერა უკეთესი ხვალინდელი დღის”, – აღნიშნავს თაკო.

საყმაწვილო დასი გასტროლზე ზაფხულში გაემგზავრება, იქამდე კი გეგმაში კიდევ ერთი ნაწარმოების დამუშავება და პრემიერაა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.