ხელნაკეთი დეკორაციები, ატლასისა და ქაღალდის ვარდები, თოჯინები და ნაქსოვი სათამაშოები, – ეს თამარ დავითაშვილის ხელნაკეთი ნივთების არასრული ჩამონათვალია.
ერთი შეხედვით, მარტივი დეკორაციების მიღმა, ფანტაზიისა და მარჯვე ხელების ერთობლიობა იმალება, რომლის წყალობითაც 40 წლის თამარ დავითაშვილი მრავალფეროვან ნივთებს ამზადებს.
“ჩემი პირველი ნამუშევარი ასე კონკრეტულად არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ დაწყებითი კლასიდან, დედას ჩემი ფანტაზიითა და ხელით შექმნილ საჩუქრებს ვუკეთებდი. ძალიან უხაროდა, რაც ახლის შექმნის სტიმულს მაძლევდა”, – ამბობს თამარი.
მისი თქმით, ხელსაქმით ბავშვობიდან დაინტერესდა და დროთა განმავლობაში ტექნიკაც დახვეწა, თუმცა ფიქრობს, რომ სამომავლოდ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი.
“ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა ხელსაქმე. ვცდილობდი რაღაც ახალი გადმომეღო, შემესწავლა სხვისგან. ასე, მივდევ, როგორც რიგითი მოყვარული, რომელიც თავისუფალ დროს საყვარელი საქმით კავდება”, – გვითხრა მან.
დეკორაციების შესაქმნელად, თამარი სხვადასხვა მასალას იყენებს, როგორიცაა კანაფის თოკი, საქსოვი ძაფი და სხვა.
“ვაკეთებ სხვადასხვა ნივთებს. შესაბამისად, მასალაც შეიძლება იყოს კანაფის თოკი, საქსოვი ძაფი ან ცემენტი ეზოს დეკორაციისთვის. საკუთარი ნამუშევრების პირველი კრიტიკოსი თვითონ ვარ, არასოდეს მომწონს”, – ამბობს ის.
მიუხედავად იმისა, რომ წლებია ხელსაქმითაა დაკავებული, თამარი ამბობს, რომ ნივთების გაყიდვაზე არასოდეს უფიქრია, თუმცა გეგმავს, რომ სამომავლოდ ამ მიმართულებით იმუშაოს.
“გაყიდვაზე არ მიფიქრია, თუმცა მოწონებებს იმსახურებს. უფრო მეტად ახლობლების გულს ვახარებ, ან სახლში ვტოვებ. ნამდვილად არ მიფიქრია ამ მიმართულებით განვითარებაზე, თუმცა არ იქნება ცუდი”, – გვითხრა თამარმა.
ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი, რომელიც თამარმა შექმნა ნაქსოვი სათამაშოები “წიწილების ოჯახია”, რომელიც როგორც ამბობს, პირველად გააკეთა. სამომავლოდ სურს, რომ სხვა ნაქსოვი დეკორაციებიც შექმნას.