ადამიანები ისტორიები

ნაზუქი, თაფლი, ნაძვის კევი, გირჩის მურაბა – დოდო ხარაზიშვილის 15-წლიანი ბიზნესი

ნაზუქი, თაფლი, ნაძვის კევი, გირჩის მურაბა, – ეს ის პროდუქტებია, რომელსაც დოდო ხარაზიშვილი უკვე მრავალი წელია სურამში საავტომობილი გზასთან მოწყობილ ობიექტში ყიდის. ყველაფერს ოჯახში ამზადებს და მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს სთავაზობს.

15 წლის წინ ნაზუქის ცხობა ჩემმა მეგობარმა მასწავლა და მას მერე ვდგავარ აქ წვიმაში, თოვლში დქარბუქშიც კი. არანაირი ამინდი ჩვენ არ გვაშინებს. ზაფხულში, ივლისი – აგვისტოს თვე უფრო კარგი სეზონია, ზამთარში ცოტა ჭირს მუშაობა. ახლა რომ შემოიაროთ, ბევრ დაკეტილ საცხობს ნახავთ, რადგან ყველა ვერ უძლებს ასეთ ცივ ამინდებს და ზამთარში თავს ანებებს მუშაობას”, – ამბობს დოდო.

დოდო ზამთარში თონის წინ დანთებული კოცონით თბება.

“როდესაც თოვლი და ქარია, სულ შიგნით იყრება. თოვლის გასაწმენდად გრეიდერი რომ ჩამოივლის და კართან მოყრის, მე ვდავარ და ვასუფთავებ. თონე მთელი დღე არ გვინთია, ამიტომ ვედროში ანთებული კოცონით ვითბობთ ხელებს. რთულია მაგრამ შევეჩვიეთ”.

ხაშური-სურამის საავტომობილო გზის ორივე მხარეს უამრავი ობიექტია, სადაც ადგილობრივები სხვადასხვა ნაწარმს ყიდიან. დოდო “მოზაიკასთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ეს საქმე ოჯახების უმრავლესობისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ამიტომ როდესაც ცენტრალურ გზას გადაიტანენ, ისიც და სხვა ადგილობრივებიც შემოსავლის გარეშე დარჩებიან.

“სურამშიც და ხაშურშიც სამსახურები ძალიან ჭირს, ამიტომ ჩვენი შემოსავლის წყარო ეს მცირე ბიზნესია. მაფიქრებს ის ფაქტი, რომ ცენტრალური გზის გადატანა იგეგმება, რაც უამრავ ოჯახს შემოსავლის გარეშე დატოვებს”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.