ქარელის მერი ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ახალგაზრდებს თანამშრომლობას მუდმივად სთავაზობს.
ამავე თემაზე: “დაბალი ხელფასის გამო, ქარელის მერიაში ახალგაზრდებს მუშაობა არ სურთ” – ზაზა გულიაშვილი
ზაზა გულიაშვილმა ამ საკითხზე საუბარი იმ ბლოგპოსტის საპასუხოდ გადაწყვიტა, რომელიც ქარელის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს, ვასიკო ბაქრაძეს ეკუთვნის და სადაც საუბარი იმ გარემოებებზეა, რომელთა გამოც ახალგაზრდები ქარელიდან მიდიან.
“ჩვენს მუნიციპალიტეტში ძირითადი სამუშაო ადგილი თვითმმართველობაშია, სადაც ხალხში გავრცელებული აზრით, მოხვედრა შესაძლებელია არა კონკურსით, სამუშაო გამოცდილებით, განათლებით ან კვალიფიკაციით, არამედ ქარელის მერის დამოკიდებულების მიხედვით, რაც იწვევს ახალგაზრდობაში ნიჰილიზმს და უიმედობას”, – წერდა ქარელის მერიის კულტურის და სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი და ახლა უკვე ოპოზიციონერი დეპუტატი ვასიკო ბაქრაძე საკუთარ ბლოგპოსტში.
ამავე თემაზე: რატომ ტოვებენ ახალგაზრდები ქარელს?
სწორედ პოსტის ამ ნაწილს გამოეხმაურა ქარელის მერი საკრებულოს სხდომაზე. ზაზა გულიაშვილის თქმით, სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ვასიკო ბაქრაძე მან თავად დანიშნა და არ ახსოვს, 7-წლის განმავლობაში, ბაქრაძეს ახალგაზრდების დასაქმებაზე ეზრუნა.
“ეს პიროვნება 7 წელი იყო კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი, სხვათა შორის ჩემი დანიშნული იყო ამ თანამდებობაზე. ამ დროის მანძილზე მე ერთი პიროვნებაც არ მახსენდება, ვასიკო ბაქრაძეს შემოეთავაზებინოს რაიმე თანამდებობაზე ან ესაუბრა მაინც ახალგაზრდების დასაქმების შესახებ. ეხლა დგას და ინტერნეტ გამოცემას ინტერვიუს აძლევს და ამბობს, რომ ახლგაზრდები ქარელში ვერ საქმდებიან და საზღვარგარეთ მიდიანო. თანამდებიბაზე მუშაობის დროს თუ გაუკეთებია რაიმე ამ ახალგაზრდების დასასაქმებლად თქვას”, – ამბობს ზაზა გულიაშვილი.
ვასიკო ბაქრაძე ამბობს, რომ ზაზა გულიაშვილის განცხადება რეალობას არ შეესაბამება, მერიის ყოფილი თანამშრომლის თქმით, ახალგაზრდების დასაქმება მხოლოდ იმიტომ ვერ შეძლო, რომ მის რეკომენდაციებს ზაზა გულიაშვილი არ ითვალისწინებდა.
“იყო ჩემი მხრიდან რამდენიმე ადამიანის შეთავაზება სხვადასხვა ადგილებზე, თუმცა მან არცერთი არ დააკმაყოფილა. ერთზე ისიც კი მითხრა, ეგ ნაციონალიაო”, – განმარტავს ვასიკო ბაქრაძე, პარტია “საქართველოსთვის” წევრი.