სახალხო დამცველმა 2022 წლის 5 დეკემბერს საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმართა, მოქალაქე თ.მ.-ს გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობისა და გამოძიებაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ, – ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხდების მიხედვით, საქმის შესწავლამ ცხადყო, რომ გამოძიება არ ჩატარებულა ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით, რითაც დაირღვა მოქალაქის სიცოცხლის უფლება (სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება).
“მიუხედავად აღნიშნულისა, საქმეში დღემდე არსებული არაერთი აუხსნელი და საეჭვო გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა, თ.მ.-ს მიმართ, სატრანსპორტო შემთხვევამდე, განხორციელებული ყოფილიყო სხვა დანაშაულიც, რომელიც ასევე შეიძლება ყოფილიყო მოქალაქის გარდაცვალებასთან მიზეზ-შედეგობრივ კავშირში. კერძოდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ თ.მ., სატრანსპორტო შემთხვევამდე, სატელეფონო კომუნიკაციებით ითხოვდა შველას და აცხადებდა რომ იყო დაჭრილი. ასევე, ცნობილია, რომ გარდაცვალებამდე იგი სხვა პირებთან ერთად სუფრაზე იმყოფებოდა, სადაც ადგილი ჰქონდა გარკვეულ ინციდენტებს ან შესაძლო დანაშაულს. ამის შემდეგ, მას გზაზე მწოლიარე მდგომარეობაში გადაუარა მანქანამ”, – წერია განცხადებაში.
სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ 2018 წელს დაწყებულ გამოძიებაზე ამ დრომდე არ არის ჩატარებული საკვანძო გარემოებების დასადგენად რელევანტური და აუცილებელი არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მათ შორის, არ დანიშნულა და არ ჩატარებულა კომპლექსური ტრასოლოგიური და სამედიცინო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზა თ.მ.-ს თავზე არსებული დაზიანების მიმართულებისა და დაზიანების მიმყენებელი საგნის დადგენის მიზნით. არ ჩატარებულა არც ქიმიური ექსპერტიზა; მოწმეებისთვის არ დაუსვამთ მნიშვნელოვანი შეკითხვები, არ იყო გამოთხოვილი რელევანტური მობილური ტელეფონებიდან ფოტოსურათები და სხვა ინფორმაცია.
“გამოძიებამ არ გამოიკვლია ის მნიშვნელოვანი გარემოებები, რომელიც გამოავლენდა ან უარყოფდა თ.მ.-ს მიმართ ჩადენილ ყველა შესაძლო დანაშაულსა და პასუხისმგებელ პირ(ებ)ს. შესაბამისად, ამ დრომდე არ არის დადგენილი, თ.მ.-ს დაზიანებები მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების ზემოქმედებით მიადგა, თუ ავარიამდეც იყო დაშავებული. სამწუხაროდ, კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, დღეის მდგომარეობით, შეუძლებელია, რის გამოც, გამოძიების მიმდინარეობისას დაშვებული არაერთი ხარვეზი გამოსწორებადი აღარ არის”, – ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, თორნიკე მერებაშვილი 8 წლის ივლისში, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. საქმეზე პასუხისგებაში მიეცა მხოლოდ ერთი პირი – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ბრალდებით.