ხელბურთის 14 წლამდელთა ნაკრების წევრი ვაკო კვარიანთაშვილი გორის მუნიციპალიტეტის მერიამ წლის წარმატებულ სპორტსმენად დაასახელა.
ვაკო გორის ხელბურთის კლუბის აღსაზრდელია. ის 4 წელია ვარჯიშობს და ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობს.
“10 წლის ვიყავი ამ სპორტზე, რომ შევედი. ჩემი მეგობარი დადიოდა, მთხოვა გავყოლოდი და დავსწრებოდი ვარჯიშს. სხვა სპორტის სახეობებთან შედარებით ხელბურთი უფრო უხილავი სპორტია და მაშინ ვერ წამოვიდგენდი, თუ აქ მოვხვდებოდი. ძალიან მომეწონა ვარჯიშის პროცესი, იქაური გარემო და მეორე დღეს გადავწყვიტე ბედი მეცადა. რა თქმა უნდა, არ ველოდი, რომ საუკეთესო სპორტსმენად მაღიარებდნენ, რადგან გუნდში ბევრი კარგი სპორტსმენია და ეს წარმატება ჩემთვის მოულოდნელი იყო, თუმცა სასიხარულო”, – გვიყვება ვაკო.
ნაკრებს მოგებული აქვს სხვადასხვა ჩემპიონატები. ვაკო ამბობს, რომ წაგება მისთვის ახალი გამოწვევა და შეცდომებზე სწავლაა.
“ვარჯიშის დაწყებიდან თითქმის ნახევარი წელი შეჯიბრებებზე არ გავდიოდი. პირველად თბილისში ვითამაშე და გუნდმა წააგო. საწყის ეტაპზე იყო ხოლმე წაგებების სერია, მაგრამ ჩვენ ვართ გუნდი და გვაქვს ჩვენი პრინციპები. თამაშის ბოლოს მწვრთნელებთან ერთად ვსაუბრობთ, რა იყო კარგი და რა შეგვეშალა. გია მამაცაშვილი და თორნიკე გაგლოშვილი უდიდეს შრომას და ძალას დებენ და ამან შედეგზეც გაგვიყვანა. მოგებული გვაქვს სხვადასხვა ჩემპიონატები. წაგება დემოტივატორი არასდროს არ უნდა იყოს სპორტსმენისთვის, პირიქით, ამით სპორტსმენი სწავლობს, თუ როგორი უნდა იყოს სამომავლოდ”, – ამბობს ვაკო.
ვაკო ახალგაზრდებს მოუწოდებს ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ და დაკავდნენ სპორტით.
“ვფიქრობ, რომ ამ სპორტის სახეობას მეტი მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენი ქალაქი უნდა იცნობდეს და ახალგაზრდები უფრო მეტად უნდა იყვნენ ჩართულები. გვაქვს პოტენციალი აქ ისე განვვითარდეთ, რომ შემდეგ სხვა კლუბებში გადასვლაც შევძლოთ. თუ ყველა პროფესიონალურ ხელბურთს არ გაყვება, ის პერიოდი მაინც, რასაც ამ სპორტში გაატარებს, აქტიურად და ჯანსაღად იცხოვრებს. რაც შეეხება იმას, რომ მე წარმატებულ სპორტსმენად დამასახელეს, ეს ერთიორად ზრდის პასუხისმგებლობას ჩემი მწვრთნელების და გუნდის წინაშე. ძალას და ენერგიას არ დავიშურებ, რომ მათი იმედები გავამართლო”, – აღნიშნავს ვაკო.
ვაკოს ყველაზე დიდი გულშემატკივარი დედა და მისი ოჯახის წევრები არიან, ამიტომ მისი წარმატებებიც ამ ადამიანებს ეძღვნებათ. ფიქრობს, რომ მისი პროფესიული არჩევანი სამომავლოდაც სპორტია. სურვილი აქვს, რომ ევროპის წამყვან ნაკრებში ითამაშოს და ფიქრობს, რომ შრომით ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია.