ადამიანები ისტორიები

ყვავილების სიყვარულით დაწყებული მხატვრობა – 11 წლის მარიამის ამბავი

ხაშურში მცხოვრებ მარიამ ბაგრატიონს ბუნების და ყვავილების სიყვარულმა ხატვა პატარა ასაკშივე დააწყებინა. ამბობს, რომ იმდენად მოსწონს წელიწადის ყველა სეზონი და განსაკუთრებით ზაფხულის ყვავილები, რომ გადაწყვიტა, საღებავის დახმარებით კომპოზიციები შეექმნა და ასე დაემახსოვრებინა ყველა მომენტი.

11 წლის თვითნსწავლი მხატვარი გვიყვება, რომ ორი ერთნაირი ნამუშევრის შექმნა არ უყვარს და არც გამოსდის. ამიტომ ნახატების გაჩუქება ყოველთვის ერთულება.

“პატარა ასაკიდან მიყვარდა ხატვა, თავადვე ვისწავლე. კარგად ხატავს ჩემი ბებია და თუ რაიმე გამიჭირდებოდა, მას ვეკითხებოდი ხოლმე და მისგან ვსწავლობდი. ბუნება მიყვარს ძალიან და ჩემს ნამუშევრებში ძირითადად პეიზაჟები ჭარბობს. ზამთარი განსაკუთღებული სეზონია ჩემთვის, ამ პერიოდში უფრო ხშირად ვხატავ, განსაკუთრებით საახალწლო თემატიკაზე”.

მარიამის სამუშაო სივრცე ბუხართან მიმდგარი პატარა მაგიდაა, სადაც სხვადასხვა ფერის საღებავები და ფუნჯებია მიმობნეული. მუშაობის დაწყებამდე მაგიდაზე დამაგრებულ სანათს ანთებს, პალიტრაზე მოთავსებულ ფერებს ერთმანეთში გადაურევს და ამის შემდეგ იწყებს ტილოზე პირველი შტრიხების დატანას.

თუ ვარ განწყობაზე, ვხატავ ყველგან, სადაც ჩემი სახატავი მაგიდის და მოლბერტის ჩადგმა შემიძლია. ზამთარში ეს ძირითადად ბუხრის სიახლოვესაა. ოჯახის წევრების მიმოსვლა ხელს არ მიშლის, რადგან როდესაც პალიტრას ვიღებ და ფერებს ვაზავებ, უკვე მხოლოდ მე ვარ იმ სივრცეში და გარშემო ვეღარავის ვამჩნევ. ჩემი ნამუშევრები ან ჩემი სახლის კედლებს ამშვენებს დეკორაციად, ან ვჩუქნი მეგობრებს. გაჩუქებული ნახატების მიმართ ცოტა გული მწყდება, რადგან რომ მოვინდომო და ზუსტად ისეთი დავხატო, არ გამომდის გამეორება”.

მარიამის სურვილია, სამომავლოდ ხატვა პროფესიულ დონეზე შეისწავლოს და საკუთარი ძალები სამოსის შექმნაში მოსინჯოს.

“სამომავლოდ მინდა მხატვარ – დიზაინერი ვიყო და დედაჩემთან ერთად ვაკეთო ის საქმე, რაც უკვე დაწყებული აქვს დედას. მას სამკერვალო აქვს და მასთან პირველი საქმიანი ურთიერთობა რამოდენიმე ხნის წინ შედგა, მან  სამოსზე გამოიყენა  ჩემი ნახატის პრინტი, რაც ძალიან ლამაზი და  ორიგინალური გამოვიდა. ვფიქრობ, სამომავლოდ კიდევ სხვა იდეებით ჩავერთები მის საქმიანობაში”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.