ადამიანები ისტორიები

მუსიკოსი, რომელიც ხალხურ საკრავებზე უკრავს – ბიჭიკო დურგლიშვილის ისტორია

“როდესაც დავრწმუნდი, რომ კარგი პედაგოგი დავდექი, მაშინ დავბერდი”, – ამბობს 69 წლის ბიჭიკო-თამაზ დურგლიშვილი, რომელიც ხალხურ საკრავებში თითქმის ყველა ინდტრუმენტზე უკრავს.

დურგლიშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში ცხოვრობს, ის ახლა ახალგაზრდებს ქართული საკრავების შესწავლაში ეხმარება, არის ანსამბლ “თხოთის” დამფუძნებელი. ის ახლა საავადმყოფოში იმყოფება, მისი მდგომარეობა ამ მომენტისთვის სტაბილურად მძიმეა. “მოზაიკამ” ეს ინტერვიუ ამ ინციდენტამდე ჩაწერა.

პირველი საკრავი, რომელზეც მან დაუკრა, გარმონი იყო.

“8-9 წლის ვიყავი, როდესაც აზიურ გარმონზე ვუკრავდი, მამამ მასწავლა. ხალხურ საკრავებთან და ზოგადად მუსიკალურ ინსტრუმენტებთან შეხება პატარა ასაკიდან მქონდა. ვიდრე ხალხური საკრავებზე დავიწყებდი სწავლას, ესტრადას მივდევდი, გიტარით, დასარტყამით. შემდეგ ომარ კელაპტრიშვილმა მირჩიაეს მესწავლა, მეც  ჩავაბარე სერგო ზაქარიაძის კულტურულ საგანმანათლებლო სასწავლებელში საგუნდო სადირიჟორო განყოფილებაზე. პერიოდულად ვმუშაობდი სხვადასხვა ადგილას. სულ წარმატებულ ანსამბლებში ვხვდებოდი, ძირითადად იქ ჩამოვყალიბდი. პირველად სცენაზე, ხალხური საკრავების თანხლებით,1981 წელს დავდექი”, – იხსენებს ბიჭიკო.

თამაზ დურგლიშვილი საკუთარ ცოდნას ახალგაზრდებს უზიარებს. მას მოსწავლეები ჰყავს, როგორც საკუთარ სოფელში, ასევე სხვა მუნიციპალიტეტებშიც.

“ბავშვობის შემდეგ პირველი ინსტრუმენტი, რომელზეც ვუკრავდი, იყო  კლარნეტი. შემდეგ უკვე დასარტყამი, სოლო გიტარა, გიტარა. ხალხურ საკრავებში ყველა ინსტრუმენტს ვფლობ, დუდუკის გარდა, ისიც იმიტომ, რომ ცოტა სასუნთქი ორგანოების პრობლემა მქონდა და არ შეიძლებოდა. ჩემ ცოდნას ვუზიარებ ახალგაზრდებს. საკუთარ სოფელში თუ არ ვასწავლე, დამძრახავენ. ასევე მიწვეული ვარ სსხვადასხვა მუნიციპალიტეტებშიც”.

პედაგოგი მშობლებს მოუწოდებს, რომ ნებისმიერი ბავშვი, ვისაც სმენა და რიტმი აქვს, სალამურზე, “ოქროს ინსტრუმენტზე” მიიყვანონ.

“ბავშვები და ანსამბმლი ჩემი სულის ნაწილია. იმაზე ცუდი არაფერია, როდესაც არდადეგები იწყება და მათ ვეღარ ვხედავ, მიჭირს მათ გარეშე. ბავშვი, რომელიც ფოლკლორშია ჩართული, ეს ინსტრუმენტული იქნება თუ საგუნდო ჟანრი, ლამაზი ბავშვი იზრდება, აქ მეგობრობას სწავლობს. ასე გაზრდილი ბავშვები დიდ გუნდებში და სხვადასხვა ორკესტრში მღერიან, ამიტომ მშობლებს მოვუწოდებ, არ დაკარგონ დრო და ჩვენი სისხლხორცეული ქართული სიმღერა ამღერონ მათ. მრავალჟამიერს რომ იმღერებენ და სალამურს, ფანდურს დაუკრავენ, ამის მოსმენას არაფერი სჯობს”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.