ადამიანები ისტორიები

ნათია ეღიკაშვილი – სამი შვილის დედა, რომელიც საახალწო დეკორაციებს ქმნის

თვითნასწავლი დიზაინერი ნათია ეღიკაშვილი წლებია სადღესასწაულო დეკორაციებს ამზადებს, საკუთარი ხელით ქმნის სხვადასხვა სუვენირებს და მსურველებს მათთვის განსაკუთღებული დღის გალამაზებაში ეხმარება.

ნათია სამი შვილის დედაა. როგორც ის ამბობს, დეკორაციების შექმნაში ოჯახის წევრებიც ეხმარებიან. ფიქრობს, რომ ნამუშევრები ასე უფრო ლამაზი და საინტერესო გამოდის.

“ძალიან მიწყობენ ხელს ჩემი მეუღლე და ბავშვები. ყოველთვის ერთად ვაკეთებთ დეკორაციებს, ასე უფრო თბილი და ჯადოსნური გარემო იქმნება. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს სილამაზე შევქმნა მაქსიმალურად იაფად. ხან ინტერნეტით ვსწავლობ, ხან ჩემით ვიგონებ”, – გვიყვება ნათია.

ნათია საახალწლო დეკორაციებს “სოფლებს” და “ქალაქებს” ქმნის, ამბობს რომ სამზადისს ნოემბრის დასაწყისიდან იწყებს.

“წელიწადის ეს დრო განსაკუთრებით მიყვარს, რადგან ჩემთვის სითბოსთან და სიმყუდროვესთან ასოცირდება. ახალი წელი, შობა, ეს ყველაფერი ნაძვის ხის და საშობაო მორთულობის გარშე წარმოუდგენელია. მზადებას ვიწყებ ნოემბრის დასაწყისიდან. შინაგანად მაბედნიერებს ეს ყველაფერი, თითქოს ვარსკვლავებს ვაბნევ ყველგან, ვწყდები ყველაფერს და ვქმნი პატარა, ჩემთვის ჯადოსნურ სამყაროს ჩვენი პატარა ოჯახისთვის და ვფიქრობ ახლობლებსაც ვაბედნიერებ ამით”, – ამბობს ნათია.

ნათია გვირჩევს, რომ საშობაო დეკორაციის ასაწყობად გამოვიყენოთ განათებები, რომლებიც ინტერიერს უფრო ეფექტურს ხდის.

“საკუთარ წარმოსახვაში ვაწყობ, რა იქნება უფრო ლამაზი, უფრო უკეთესი და რაც მთავარია სიმყუდროვის შეგრძნებას არ უნდა მირღვევდეს. შემდეგ კეთების დროს უფრო მოდის ფანტაზიები, იდეების ცვენა და მთლიანობაში რაღაც ლამაზი, განსაკუთრებული და ჯადოსნური იქმნება. ყველაზე მეტი დატვირთვა მიდის განათებებზე, რომელიც ქმნის ლამაზ ვიზუალს. ყველა ადამიანს, ვისაც უყვარს საშობაო მორთულობა, ან ვინც ახლა იწყებს, ვურჩევ განათებების მაქსიმალურად გამოყენებას”, – აღნიშნავს ის.

ნათია ფიქრობს, რომ საახალწლო დეკორაციების შექმნა ყველა ადამიანს შეუძლია. ამაში მათ ინტერნეტიც ეხმარებათ. ფიქრობს, რომ თუ მას გამოუვიდა, ყველას გამოუვა, მთავარია, შრომა და მონდომება ჰქონდეთ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.