ადამიანები ისტორიები

14 წლის მუსიკოსი, რომელიც 5 ინსტრუმენტზე უკრავს – ანი სუხიაშვილის ამბავი

14 წლის ხაშურელი ანი სუხიაშვილი სხვადასხვა მუსიკალური საკრავების შესწავლით 6-7 წლის ასაკში დაინტერესდა. პირველად ქართული საკრავი ფანდური შეისწავლა და სიმღერა დაიწყო.

ზოგადად, მუსიკალურ ოჯახში დავიბადე, სიმღერა და ქართული ხალხური საკრავები ჩემთვის უცხო არ ყოფილა. პატარა ასაკიდან დავდიოდი მშობლებთან ერთად თეატრში და სულ ხელოვნების ირგვლივ ვტრიალებდი. ფანდურთან ერთად ვმღეროდი, სიმღერა ძალიან მიყვარს. პირველი ფანდური პედაგოგმა შემირჩია, რომელიც ძალიან მიყვარს, მიუხედავად იმისა რომ ძალიან გაცვდა მაინც ვერ ველევი”,- გვიყვება ანი.

ანი, რომელიც ახლა 5 ინსტრუმენტზე უკრავს, ახალგაზრდული ბენდის “no time”-ს ვოკალისტიცაა.

“ახლა ერთ-ერთ მუსიკალური ბენდის წევრი ვარ. შესაბამისად, გასაკვირი არ არის,რომ რამოდენიმე მუსიკალურ ინსტუმენტს ვფლობ. მუსიკა, ხატვა, პოეზია ჩემთან ყველაზე ახლოსაა. როცა როგორ ხასიათზე ვარ, ისე ვუთმობ ამ ჟანრებს დროს – ხან ვხატავ, ხან ვმღერი და ხანაც ლექსებს ვწერ”.

ლექსების წერის, ხატვის და სიმღერის პარალელურად, ანა ფორტეპიანოზე საავტორო მუსიკას ქმნის.

“მინდოდა დაკვრა მესწავლა. ამ მიზნის მიღწევაში დედა დამეხმარა, რადგან მან კარგად იცის ფორტეპიანოზე დაკვრა. შევისწავლე ისე, რომ ახლა თავად ვწერ მუსიკას, მართალია, ეს დიდი და რთული კომპოზიციები არ არის, მაგრამ ვმუშაობ და მცდელობას არ ვაკლებ, რომ საავტორო კომპოზიციები მქონდეს”.

სხვადასხვა ინსტრუმენტის მიმართ ინტერესის მიუხედავად, ანისთვის მთავარ ხიბლად მაინც სიმღერა რჩება. ამბობს, რომ განსაკუთრებით ის ინტრუმენტები უყვარდება, რომლის თანხლებითაც სიმღერა შეუძლია. ახლა ასეთად ბასგიტარა წარმოიუდგენია.

“ახლა ველოდები ბასს და მისი სწავლა გადავწყვიტე, ვფიქრობ გამიადვილდება, ბასთან ერთად სიმღერა ბევრად მარტივია და იმედია შევძლებ”.

14 წლის ასაკში, ანას ფანდურზე, სალამურზე, ფორტეპიანოზე, ტამტამსა და გიტარაზე დაკვრა შეუძლია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.