ბლოგები

როგორ აგვარებენ პრობლემებს ქალები? – მაგალითები ხაშურის რეალობიდან

ავტორი: ირინე გოგიტაური, ხაშურის საკრებულოს აპარატის უფროსი სპეციალისტი 

ყველა ეპოქაში ქალები თავის დამკვიდრებას ცდილობდნენ ოჯახში, საზოგადოებაში, პოლიტიკაში და, მიუხედავად წინააღმდეგობისა, არ ნებდებოდნენ. თუმცა, მამაკაცების უმრავლესობას დღესაც ხშირად უჭირს იმის აღიარება, რომ ქალებში გაცილებით მეტი შესაძლებლობააა, ვიდრე  ოჯახსა და სამზარეულოში ტრიალია.

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში კვოტირების სისტემის შემოღებამ უფრო მეტ ქალს გაუჩინა პოლიტიკაში მოსვლის მოტივაცია და  ქალებს თვითრეალიზაციის შესაძლებლობა მისცა. თვითმმართველობა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი რგოლია, სადაც ქალები თავის სათქმელს ამბობენ და ქმედით ნაბიჯებსაც დგამენ. სწორედ საკრებულოს ქალი თავმჯდომარის ინიციატივით მოხდა ის, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს შემადგენლობაში მოხდა სხვადასხვა ადამიანთა ჯგუფების კონსოლიდაცია, ტარდება საჭიროებათა კვლევები, იკვეთება პრიორიტეტები და ისახება გეგმები.

  • მაგალითად, შეიქმნა  შშმ პირების დასაქმების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფი და 2023 წელს ამოქმედდება შშმ პირთა დასაქმების სამოქმედო გეგმა.
  • რაც შეეხება ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, შეიქმნა მეწარმე ქალთა ბაზა და ჯგუფი „მარჯვე ხელები“, რომლის წევრები დაეხმარნენ სავანისუბანში მცხოვრებ ფერმერ ნანა შარაშიძეს ჟოლოს კრეფაში. ხდება მათი გაცნობა, გამოცდილების გაზიარება და პოპულარიზაცია, იწერება სტატიები, ბლოგები. 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ჩატარდა მეწარმე ქალთა გამოფენა, რაც აქტიურ ხასიათს მიიღებს. პირველად მოხდა ხაშურელ მეწარმე ქალთა ნამუშევრების გატანა საზღვარგარეთ დამეგობრებულ ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში.
  • სოფელ ჩორჩანაში ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტ „ეკვილიბრიუმისა“ და ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის ხელშეწყობით, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  გახსნილია წიგნის სახლი, რომელსაც საკუთარი სახლის ოთახი დაუთმო სამი შვილის დედამ, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა რუსუდან მინდიევმა. გადაწყდა, რომ რუსუდანი ბიბლიოთეკის ოფიცალური თანამშრომელი გახდეს.
  • ქალების მხრიდან განსაკუთრებით დიდი იყო  მოთხოვნა ქორეოგრაფიის შემსწავლელ წრეზე, რომლის დიპლომირებული სპეციალისტი – ოთხშვილიანი დედა, დევნილი  მანანა გოგნაძე, სოფელ ჩორჩანიდან დაინიშნა ქორეოგრაფად და ცეკვის გაკვეთილებს ატარებს ბროლოსნის სკოლაში. 

რატომ არის საჭირო მეტი ქალი თვითმმართველობაში?

ქალებს აქვთ სოლიდარობის განცდა და სიახლეების მიმღებლობა. ისინი არიან ცვლილებებზე ორიენტირებულობები და  მოქმედებენ მიზნის შესაბამისად, რაც აუცილებლად მოიტანს შედეგს და შეცვლის არსებულ გარემოს უკეთესისკენ.

დატოვეთ კომენტარი