გორის მე-7 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლე ცუდად გახდა.
“მოზაიკას” ეს ინფორმაცია სკოლის დირექტორმაც დაუადასტურა. მისი განმარტებით, მოსწავლე სკოლაში საუზმის გარეშე მივიდა.
“გვყავდა გამოძახებული სასწრაფო, მე-4 კლასელმა ბავშვა გონება დაკარგა. მასწავლებელს გაუხდა ცუდად ხელებში. მოვიყვანეთ მშობელი და გვითხრა, რომ ბავშვი დილით არ საუზმობს. ვიდრე სასწრაფო მოვიდოდა ბავშვი გონებაზე, რომ მოვიდა ღვეზელი ვაჭამეთ და მაშინვე გამოკეთდა. არ ვიცი, რა ვთქვა, მშობელს ვუთხარით, რომ მსგავსი ფაქტი არ განმეორდეს, ასეთი პატარა ჩაის და თუნდაც ერთი ნაჭერი პურის გარეშე, როგორ უნდა გამოუშვან?! თუ სახლში არ ჭამენ, ყველი და პური სკოლაში მაინც გამოატანონ, ასე რომ აღარ ვინერვიულოთ სკოლამ და მასწავლებელმა”, – ამბობს ნოდარ იარღანაშვილი.
მოსწავლეების მშობლები “მოზაიკასთან” საუბარში ამბობენ, რომ ეს ბავშვების ცუდად გახდომის და სასწრაფოს გამოძახების პირველი შემთხვევა არ ყოფილა.
“ამ კვირაში რამდენიმეჯერ გამოიძახეს სასწრაფო, ერთი და იმავე მიზეზით. ბავშვები ცუდად ხდებიან, რადგან სკოლაში მშივრები დადიან და გეტყვით იმასაც, რომ ხშირ შემთხვევაში, შიშილის მიზეზი უსახსრობაა”, – ამბობენ მშობლები.