რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ რამდენიმე დღის წინ ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გიორგი ჯარმელიშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფთხოების სამსახური ავრცელებს. მათი განმარტებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.
“უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს”, – ავრცელებს სუს-ი
უწყების თქმით, ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად