ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, მერიამ გაარემონტა წყარო, საიდანაც წყალი არ მოდის , – ამის შესახებ “მოზაიკასთან” ადგილობრივებმა ისაუბრეს.
მათი თქმით, სოფელში სასმელი წყლის პრობლემა დიდი ხანია არსებობს და ამის გამო, ხშირად გამოუვალ სიტუაციაში ხვდებიან.
“როდესაც წყაროს არემონტებდნენ, მაშინ ერთ მილში მოდიოდა წყალი მცირე რაოდენობით, დღეს კი წყალი საერთოდ აღარ მოდის და გრაფიკზე ვართ დამოკიდებულები. შეიძლება, სამი დღე ისე გავიდეს,რომ წყალი არ მოვიდეს. ამ რამდენიმე თვის წინ სოფელში ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ სახლში, სახანძრო ისე მოვიდა წყალი არ წამოუღია, იცოდა,რომ სოფელში წყარო იყო, წყარო კი, დამშრალი დახვდათ”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, ელისო სტეფნაძე.
ატოცელების ინფორმაციით, წყაროს დაშრობის მიზეზი ის ჭაბურღილია, რომელიც სკოლის ეზოში გაკეთდა.
“დაბურღვის დროს წყარომ კალაპოტი დაკარგა”, -გვიყვება ელისო სტეფნაძე.
ქარელის მუნიციპალიტეტი მერიაში ამბობენ, რომ სკოლის ეზოში ჭაბურღილი თავად სკოლამ გააკეთა. უწყების განმარტებით, წყაროს რეაბილიტაციის დროს წყალი მოდიოდა.
“მუნიციპალიტეტმა როცა რეაბილიტაცია ჩაატარა წყლის რესურსი იყო, მოპირკეთება გავაკეთეთ ჩვენ. სათავეს არ შევხებივართ და შესაბამისად ჩატარებული სამუშაოები წყლის რესურსის დაკარგვის საფუძველი ვერ იქნებოდა. რაც შეეხება ჭაბურღილს, რომელიც სკოლის ეზოში გაკეთდა, ჩემი ინფორმაციით ის სკოლამ თვითონ გააკეთა”, – ამბობს ნათია მაწონაძე.
ამავე თემაზე: http://ატოცის “ორმილა” წყარო დაშრა