ავტორი: რუსუდან გოგინაშვილი, წამყვანი მასწავლებელი
სამოქალაქო განათლების მასწავლებლად მუშაობა 2015 წელს დავიწყე. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. როდესაც სკოლაში შევდივარ, სხვა სამყარო იშლება, სადაც თითოეული ბავშვი განსაკუთრებულია, მათ საკუთარი ინტერესები, მისწრაფებები და შესაძლებლობები აქვთ. ვფიქრობ, სწორედ ეს არის მათთან თანამშრომლობის ,,გასაღები“, რომელიც ერთმანეთის აღიარებას და ურთერთპატივსცემას იწვევს, რაც შემდგომ სწავლა-სწავლების პროცესის მაღალ დონეზე წარმართვაში დაგვეხმარება.
ვფქრობ, რომ ეს სამოქალაქო განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოება, ადამიანის უფლებები, კულტურული მრავალფეროვნება, გარემოს დაცვა, მდგრადი განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეკონომიკური განათლება, ადგილობრივი თვითმმართველობა, ცენტრალური ხელისუფლება და სხვა.
სამოქალაქო განათლების სწავლება მუდმივად მრავალფეროვან და საინტერესო კლასგარეშე აქტივობების დაგეგმვას და განხორციელებას მოითხოვს, რაც თავის მხრივ ბავშვების მაღალ მზაობას განაპირობებს. მოსწავლეები თავად გვთავაზობენ ისეთ იდეებს, რაც მათთვის საინტერესო და აქტუალურია. შესაბამისად, ისინი არა მხოლოდ ცოდნას იღებენ, არამედ იწყებენ პრაქტიკულ მუშაობას, რაც მათ პიროვნულ განვითარებას და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას განაპირობებს.
სამოქალაქო განათლების სწავლების დროს ბავშვები იწყებენ არა მხოლოდ ფიქრს, არამედ პრაქტიკულ საქმიანობას, ზრუნვას გარემოსა თუ სათემო საზოგადოებაზე, რომელიც თითქოსდა რეგიონულ პრობლემებს ეხება, მაგრამ გააზრებული აქვთ ისიც, რომ მათი თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი გლობალურ ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანია.
სამოქალაქო განათლების გაკვეთილების აუცილებელი ნაწილია მსჯელობა, ანალიზი, დისკუსია, დებატი.
სამოქალაქო განათლება, თავის მხრივ, მოიაზრებს პროექტულ სწავლებას, რაც მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების დანახვასა და გამოვლენაში ეხმარება. ასევე, ერთი მიზნისთვის გაერთიანებულ სასკოლო საზოგადოებას ქმნის.
სამოქალაქო განათლების სწავლების დროს ბავშვებს უვითარდებათ ისეთი უნარ-ჩვევები როგორიც არის პრობლემის დანახვა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, თანამშრომლობა, ურთიერთდახმარება, ინიციატივების გამოვლენა და საქმედ ქცევა, მეწარმეობა, კვლევა, დამოუკიდებელი საქმიანობა, ა.შ.
ეს უნარები მოსწავლეებს შემდგომში საშუალებას მისცემს შექმნან ისეთი საზოგადოება, რომელიც სწორად მოაზროვნე იქნება, საკუთარ თავზე აიღებს მის წილ სამოქალაქო პასუხისმგებლობას, შექმნიან ძლიერ საზოგადოებას, რომელიც ქვეყანას უკეთესობისკენ შეცვლის.