გორის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობა, რკინა-ბეტონის ხიდი, რომელიც სამეფოს ქუჩასა და სადგურის დასახლებას ერთმანეთთან აკავშირებს, 1908 წელს აიგო.
ამჟამად, ამ ხიდს საზოგადოება მოიხსენიებს, როგორც „ძველი ხიდი“, რადგან ის პრაქტიკულად აღარ გამოიყენება გადაადგილებისთვის.
გორის “ძველი ხიდი”, გარდა იმისა, რომ პირველ ქართულ რკინა-ბეტონის ხიდად ითვლება, ასევე გამორჩეულია იმით, რომ ის საერობო სახსრებით აიგო 1908 წელს და მშენებლობის ხარჯებმა 125 ათას მანეთს მიაღწია.
ხიდი, რომელიც მდინარე მტკვარზეა გადებული, გამორჩეულია მდებარეობით და პანორამული ხედებით. მეოცე საუკუნის ბოლომდე სწორედ ძველი ხიდი იყო მთავარი დამაკავშირებელი ობიექტი სადგურის დასახლებასა და დანარჩენ ქალაქს შორის. აქედან გამომდინარე, ძველად, სამეფოს (ყოფილი ლენინის) ქუჩაზე იმაზე გაცილებით მეტი ავტომობილი გადადგილდებოდა, ვიდრე დღეს.
მეოცე საუკუნის დასაწყისსა და შუა ხანებში ძველ ხიდზე აქტიურად ეწყობოდა სათევზაო ტურნირები.
ხალხი ახლაც სარგებლობს ძველი ხიდით, თუმცა ვიზიტის ძირითადი მიზნები ფოტოების გადაღება და პანორამული ხედებია.
2021 წლის ბოლოს ხიდის რეაბილიტაციისა და მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებისთვის დაიწყო პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები და გამოიყო ბიუჯეტი 1,3 მილიონი ლარის ოდენობით.
პირველი, რაც გაკეთდა, იყო კონსტრუქციის გამაგრება და ყველა შესაძლო უბედური შემთხვევის რისკის თავიდან აცილება, თუმცა დანარჩენი სამუშაოები, როგორიცაა ფასადის მოწესრიგება, მოაჯირების გამოცვლა და სხვა დანარჩენი, ჯერჯერობით არ მიმდინარეობს.