ახალი ამბები

„დილა“ –  „კუპსი“ წინა სამატჩო პრესკონფერენცია

14 ივლისს, 21:00 საათზე უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება.

მატჩამდე, „დილას“ უკრაინელმა თავკაცმა, ანდრეი დემჩენკომ პრესკონფერენცია ჩაატარა.

„წინა მატჩი 0-2 წავაგეთ და განმეორებითი შეხვედრის წინ განსაკუთრებული მოტივაცია გვაქვს. ფეხბურთელები მზად არიან 90 წუთის და თუ საჭირო გახდება, 120 წუთის სათამაშოდ. ფინურ შეხვედრას რაც შეეხება, ვთვლი, რომ ძალიან კარგად ვითამაშეთ. გარკვეულ ასპექტებში მეტოქეს ვჯობდით კიდეც, თუმცა მეტოქემ თავის შანსები გამოიყენა, ჩვენ კი ეს ვერ შევძელით“, – განაცხადა დემჩენკომ.

უკრაინელი სპეციალისტი ამბობს, რომ ფეხბურთელები ბოლომდე მზად არიან აღნიშნული შეხვედრისთვის.


“ახლა მთელი ყურადღება განმეორებით შეხვედრაზე უნდა გადავიტანოთ. მჯერა, რომ ჩემი ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯებიან. იმედი გვაქვს გულშემატკივრის მხურვალე მხარდაჭერისაც და ანშლაგს ველოდებით, მათი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება
“, -აღნიშნა გორელთა თავკაცმა.

დემჩენკო ამბობს, რომ ძირითად შემადგენლობაში იქნება რამდენიმე ცვლილება.


„პირველი შეხვედრის ძირითადი შემადგენლობისგან განსხვავებით აუცილებლად იქნება ცვლილებები, თუმცა კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ. ჩვენ შევეცდებით, რომ ბურთზე კონტროლი თავიდანვე მოვიპოვოთ და პირველ ნომრად ვითამაშოთ. იმედი მაქვს კარგი თამაშის და შემდგომ ეტაპზე გასვლის. მჯერა ჩემი ფეხბურთელებისა და მათი პროფესიონალიზმის.“

შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა tkt.-ge-სა და სტადიონის სალაროებშია შესაძლებელი, ბილეთის ფასი 5 ლარია.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

პაატა მაჩიტაძე