სტატიები

კასპი – ერთადერთი მუნიციპალიტეტი რეგიონში, სადაც ტურიზმის ცენტრი არ არის

კასპი ერთადერთი მუნიციპალიტეტია რეგიონში, სადაც ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი არ არის. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ცენტრების აშენებისთვის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებმა 200 000 ლარამდე დახარჯეს. 

ამავე თემაზე: ქარელის ტურისტული ცენტრი, რომლის აშენებაზე 40 000-მდე ლარი დაიხარჯა, ისევ არ ფუნქციონირებს

ამავე თემაზე: ხაშურის ტურისტული ცენტრი, რომელზეც 64 000 ლარი დაიხარჯა, 2 წელია არ მუშაობს

მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის 4 ცენტრიდან 2 ამ დრომდე არ მუშაობს, მსგავსი ცენტრის აშენებაზე კასპის ხელისუფლება მაინც ფიქრობს. 

“მოზაიკას” კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში უთხრეს, რომ ქალაქში ტურისტული საინფორმაციო ცენტრის საჭირობაა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, მისი აშენება ჯერ ვერ მოხერხდა.

“იყო საუბარი და სურვილიც ჩვენი მხრიდან, თუმცა ადგილი ვერ შეარჩიეს, დაგვიწუნეს ჩვენი შეთავაზებული ადგილები და ბოლოს აღარ აგვიშენეს. რა თქმა უნდა, საჭიროება არის, თუმცა ამ ეტაპზე  ცენტრის გარეშე ვცდილობთ, ტურისტებისთვის შესაბამისი ინფოორმაციის მიწოდებას”, – გვითხრა კასპის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დალი კორკოტაშვილმა.

ერთ-ერთი დაწესებულება, რომელიც ტურისტული მიართულებიტ მუშაობს კასპის მხარეთამცოდნეობის მუზეუმია, რომლის დირექტორიც ამბობს, რომ დაინტერესებული პირები ჩვენი ისტორიული და ტურისტული ადგილების შესახებ ინფორმაციას ამ პირობებშიც იგებენ. 

“როგორც თქვენ გაიგეთ, ისე იგებენ ტურისტებიც და ვიზიტორებიც, თავად იძიებენ ინფორმაციას და მოდიან. დაგეგმილი იყო საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა და როგორც ვიცი, უნდა დაიწყოს მაგაზე მუშაობა. ჩვენი მუზეუმი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, თუმცა კარგი იქნება თუ ესეც გაკთედება. ჩვენს მუზეუმში არის დღეები, როცა საერთოდ არავინ მოდის, ხან კი დღეში 40 -მდე ვიზიტორი გვსტუმრობს. არიან უცხოელი ტურისტებიც”, – გვითხრა გიორგი ჩადუნელმა.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიას ტურიზმის განვითარებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში თანხა მუხლობრივად არ აქვს გამოყოფილი, თუმცა მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული აქვთ თანხა კასპის მუნიციპალიტეტში არსებული ბიბლიოთეკებისთვის და მუზეუმებისთვის, რაც 643 000 ლარს შეადგენს. ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მუნიციპალურ მუზეუმებში დღეის მდგომარეობით განთავსებულია 43 127 ექსპონატი, ხოლო წლის განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 3 500-ს სტუმარს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.