სტატიები

შიდა ქართლში, საზაფხულო საბავშვო ბაღები მხოლოდ გორში გაიხსნება

შიდა ქართლში არსებულ საბავშვო ბაღებში საზაფხულო არდადეგები იწყება. საზაფხულო ბაღები, მხოლოდ გორელი აღსაზრდელებისთვის იმუშავებს.

გორში ორი საზაფხულო ბაღი,  26 ივლისიდან 6 სექტემბრის ჩათვლით, იმუშავებს. საზაფხულო ბაღები გორის მე-9 და მე-14 საბავშვო ბაღებში გაიხსნება.

‘მოზაიკამ” გაარკვია, რამდენი აღსაზრდელი ირიცხება თითოეული მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში:

  • გორის მუნიციპალიტეტი – 6 000 ბავშვი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი – 1 850 ბავშვი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი – 1 348 ბავშვი
  • კასპის მუნიციპალიტეტი – 1 333 ბავშვი

მშობლების მხრიდან მსგავსი სურვილი არ ყოფილა – რატომ არ მუშაობს საზაფხულო ბაღები სხვა მუნიციპალიტეტებში?

“ამის საჭიროება ფაქტობრივად აღარ გვაქვს, რადგან მხოლოდ ერთი თვე იქნება ბაღები დაკეტილი, 29 ივლისამდე ბაღები იმუშავებს და მშობლის გადასაწყვეტია, ატარებს თუ არა”, – გვითხრა კასპის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელმა. 

მისი თქმით, მათი გადაწყვეტილება მისაღებია მშობლებისთვისაც.

“გვაქვს 27 ბაღი, აქედან 2 არ მუშაობს, ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო. დანარჩენი 25 ბაღი იმუშავებს ივლისის ბოლომდე, რადგან მშობლებისგან იყო პრეტენზია, რომ ზაფხულის განმავლობაში ემუშავათ ბაღებს და ამიტომ დავუშვით, რომ ივლისის ბოლომდე იმუშაონ ბაღებმა. პრაქტიკულად ერთი თვე იქნება დასვენება”, – განმარტა მანანა ხვთისიაშვილმა.

ივლისის ბოლოს დაიწყება არდადეგები ქარელის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში. სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების ქარელის მუნიციპალური გაერთიანების ხელმძღვანელი, ნინო მეზვრიშვილი ამბობს, რომ საზაფხულო ბაღების გახსნის სურვილი მშობლებისგან არ დაფიქსირებულა.

“არდადეგებს ივლისის ბოლოს, ოცი რიცხვისთვის ვგეგმავთ. მშობლების მხრიდან მსგავსი სურვილი არ ყოფილა, რომ საზაფხულო ჯგუფები მოეთხოვათ”, – გვითხრა ნინო მეზვრიშვილმა.

საზაფხულო არდადეგები უკვე დაიწყო ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, თუმცა საბავშვო ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ საზაფხულო ბაღების გახსნის საჭიროება არც მათ აქვთ. 

“არ ყოფილა მშობლების მხრიდან მსგავსი სურვილი”, – გვითხრეს ხაშურის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში.

დატოვეთ კომენტარი