სტატიები

გულიაშვილმა ქონების ნაწილი დეკლარაციაში არ ასახა – დარღვევა ჯარიმდება

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა ქონების ნაწილი 2021 და 2022 წელს შევსებულ დეკლარაციებში არ ასახა. იურისტების განმარტებით, დარღვევა ჯარიმდება

გულიაშვილის მიერ, 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში გვხვდება 5 უძრავი ქონება, რომელიც აღარ ჩანს 2022 წლის დეკლარაციაში. ესენია:

  • 2018 წელს, 10 000 ლარად შეძენილი მიწის ნაკვეთი ბრეთის მეურნეობაში, ფართობით – 1 8506 კვ.მ;
  • 2017 წელს, 10 000 დოლარად შეძენილი არასაცხოვრებელი ფართი ბრეთის მეურნეობაში, ფართობით – 136.2 კვ.მ;
  • 2016 წელს, 31 500 დოლარად ნაყიდი ბინა თბილისში;
  • 2000 წელს, 6000 ლარად ნაყიდი მიწის ნაკვეთი ბრეთის მეურნეობაში, ფართობით – 47 500 კვ.მ;
  • 1993 წელს მემკვიდრეობით მიღებული ბინა ბრეთის მეურნეობაში.

უცნობია, გააჩუქა თუ გაყიდა გულიაშვილმა აღნიშნული ქონება, რადგან ინფორმაცია არ არის ასახული არც 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში და არც უძრავი ქონების რეესტრში.

გარდა ამისა, 2021 წელს ჩაბარებულ დეკლარაციაში არ არის ასახული გულიაშვილის მიერ, 2016-2018 წლებში შეძენილი ქონება, რომელიც ქარელის მერმა მოგვიანებით, 2022 წელს ჩაბარებულ დეკლარაციაში ასახა:

„ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტის ლექსო მერებაშვილის განმარტებით, ქონებრივ დეკლარაციაში  ქონების არ ასახვა კანონის დარღვევაა, რომელიც საჯარო პირის დაჯარიმებას გამოიწვევს.

“უნდა შეისწავლოს საჯარო სამსახურის ბიურომ აღნიშნული დეკლარაცია. ქონების დამალვა და სრულყოფილად არ ასახვა ითვალისწინებს კონკრეტული საჯარო პირის დაჯარიმებას – თანამდებობრივი სარგოს 20%-თ , თუმცა ეს არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები”, – განმარტავს მერებაშვილი.

საჯარო სამსახურის ბიუროს განცხადებით, დეკლარაციების მონიტორინგი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხდება.

“დეკლარაციების მონიტორინგი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხდება, თუ კონკრეტული თანამდებობის პირის დეკლარაციაში მოქალაქემ დარღვევა აღმოაჩინა, უნდა მოგვმართოს განცხადებით, რომ გვქონდეს  საფუძველი იმ კონკრეტული დეკლარაციის შესწავლის”, – განმარტავს უწყება.

“მოზაიკამ” უკვე მიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელს ეკატერინე ქარდავას, ზაზა გულიაშვილის დეკლარაციის შესწავლის მოთხოვნით.

იმ შემთხვევაში, თუ ბიურო დარღვევას დაადასტურებს, გულიაშვილი 1 013 ლარით დაჯარიმდება, რადგან ქარელის მერის ყოველთვიური ანაზღაურება 5 065 ლარს შეადგენს, რომლის 20% –  1 013 ლარია.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.