“ჭალის დასახლებაში უპატრონო ძაღლების გროვა დამესხა თავს, რომლებიც იყვნენ ძალიან აგრესიულები და დამკბინეს. ხომ არსებობს ვითომ და ცხოველთა თავშესაფარი, რატომღა უშვებენ ასე უპატრონოდ. რამდენი ადამიანი უნდა დაგლიჯონ რომ რაიმე ზომებს მიმართონ”, – ამბობს გორში მცხოვრები ნათია ხეჩიკაშვილი, რომელმაც ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
მის პოსტს სხვა მოქალაქეებიც გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ბოლო პერიოდში მიუსაფარი ცხოველებისგან დაკბენის შემთხვევები გახშირდა. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის დროულად აღმოფხვრას სთხოვს.
“ჩაუტარონ ყველა ქუჩის ძაღლს კასტრაცია, რომ აღარ გამრავლდნენ. კომბინატშიც უამრავი მაწანწალაა, ღამე მანქანიდან გადმოვდიოდი, კარები ცოტა ძლიერად დავხურე და კინაღამ ფეხი მომაჭამეს”.
მოქალაქეების ნაწილი ფიქრობს, რომ ქალაქში ძაღლების სიმრავლე იმ ადამიანების ბრალია, ვინც ცხოველს ქუჩაში უშვებს, კანონი კი, ასეთი პატრონების პასუხისმგებლობის დაყენებას ვერ უზრუნველყოფს.
“ჯობია ის ხალხი ლანძღოთ, ვინც ასე უპატრონოდ ყრის და სასიკვდილიდ იმეტებს საკუთარ ცუგებს. ერთი ნაჭერი პური დაუგდეთ, დაგიმახსოვრებენ. სანამ უპასუხუსმგებლო პატრონი იარსებებს, მანამ იქნება მიუსაფარი ცხოველი. რამდენს დაიტევს თავშესაფარი?”.
“სოფლებიდან ჩამოყავთ და უშვებენ ქალაქში, ნახევარზე მეტი ჯიშიანია. ადამიანების ბრალია ეს, ამრავლებენ მერე ლეკვებს ყრიან”, – წერენ მოქალაქეები.
რას ამბობენ ცხოველთა უფლებათა დამცველები ?
ცხოველთა უფლებათა დამცველები ამბობენ, რომ ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად არაერთი აქტივობა განხორცციელდა, თუმცა პრობლემად რჩება მოქალაქეების მიერ ქუჩაში გამოშვებული ცხოველების საკითხი. ასევე მოუგვარებელია კანონის აღსრულებაც, რომლის მიხედვით, ძაღლის პატრონი უნდა დაჯარიმდეს, თუ ცხოველს ქუჩაში გაუშვებს.
„მიუხედავად იმისა, რომ კანონი გვაქვს ძაღლის გაშვებასთან დაკავშირებით, ის ვერ მუშაობს, რადგან ქალაქს არ გააჩნია ბაზა ამ ცხოველების აღრიცხვა – დაჩიპვის კუთხით. პატრონიანი ცხოველების დარეგისტრირება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და ამაზე წლებია ვსაუბრობთ, რადგან ასეთ შემთხვევაში, ამდენი ცხოველი ქუჩაში აღარ იქნება. ქუჩაში ცხოველთა რაოდენობა მცირდება სტერლიზაცია-კასტრაციის მეთოდით. მოსახლეობის უმრავლესობა ითხოვს, რომ ქუჩის ძაღლები გამოვკეტოთ, მაგრამ ეს არაჰუმანური მიდგომაა და ამით პრობლემა ვერ მოგვარდება. სახელმწიფოსაც არ გააჩნია იმის რესურსი, რომ მუდმივი თავშესაფრები გაუკეთოს მიუსაფარ ცხოველებს“, – ამბობს ცხოველთა უფლებათა დამცველი, ირმა მთიულიშვილი.
რას ამბობს სტატისტიკა ?
გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, 2021 წლის 1 ნოემბრიდან მიმდინაერე წლის 1 აპრილამდე პერიოში, გორის მუნიციპალიტეტში ცხოველების მიერ დაკბენა – დადორბვლის 618 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 318 შემთხვევაში პატრიონიანი ცხოველი იყო, ხოლო 300 მიუსაფარი.
“დაკბენილი ადამიანებიდან მკურნალობის სრული კურსი დაენიშნა 217 პირს, პირობითი კი – 401 ადამიანს. ინფორმაცია ცხოველთა დაკბენა-დადორბვლის შესახებ ეცნობა სურსათის უვნებლობის სააგენტო. ადამიანებში ცოფის შემთხვევა არ დაფიქსირებულა”, – ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ჯანდაცვის ცენტრმა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინა.
ინფორმაციისთვის, შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტომ მუშაობა გასულ წელს დაიწყო. სააგნტოს მოვალეობაში შედის მიუსაფარი ცხოველების კასტრაცია-სტერლიზაცია და აცრა, შემდეგ კი ისევ ქუჩაში დაბრუნება, რადგან სააგენტო თავშესაფრის ფუნქციას ვერ ითავსებს. ამჟამად, სააგენტოში ათეულობით ძაღლია, რომლისთვისც პატრონს ეძებენ. სააგენტო პერიოდულად აწყობს გაჩუქების აქციებსაც.