ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას კომპანია „არქი ჯგუფმა” შესყიდვების ეროვნული სააგენტოს დავების საბჭოში უჩივლა.
“საჩივარი ეხება სატენდერო/საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებას და ვითხოვთ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებას და კანონმდებლობის სრულ დაცვას, ობიექტურ და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას”, – განმარტავს კომპანია.
როგორც ცნობილია, 2022 წლის 18 მარტს ჩატარდა ელექტრონული ტენდერი, სადაც მონაწილეობდა არქი ჯგუფი და შპს მ-პროექტი. ტენდერი გამოცხადებული იყო წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მოწყობა და რეაბილიტაციისთვის.
“შპს “მ-პროექტი”-მა აღნიშნული ტენდერის ელექტრონულ სისტემაში ატვირთა შპს “საბა”-ს მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს”, – აღნიშნულია “არქი ჯგუფის” საჩივრის განცხადებაში.
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. უწყებამ ქარელის მერიას დაავალა გადახედოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას.