ახალი ამბები

შიდა ქართლის გუბერნატორი ქონების გარეშე – ვალერიან მჭედლიძის დეკლარაცია

გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე არ ფლობს არც უძრავ და არც მოძრავ ქონებას.

ამის შესახებ ინფორმაცია მჭედლიძემ ქონებრივ დეკლარაციაში ასახა.

მჭედლიძემ ერთი წლის განმავლობაში დანაზოგის სახით 12 00 ლარი მოაგროვა. გუბერნატორს შემოსავალი დეკლარაციის მიხედვით მხოლოდ ხელფასიდან ჰქონდა.

“ვალერიან მჭედლიძე შიდა ქართლის გუბერნატორად 2021 წლის 1-ელი ივნისიდან დაინიშნა. რწმუნებულმა 7 თვეში ხელფასის სახით 33 205 ლარი მიიღო. მანამდე ის სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა, საიდანაც მან ხელფასის სახით 21 500 ლარი მიიღო”, – აღნიშნულია დეკლარაციაში.

აღსანიშნავია, რომ მჭედლიძეს დანაზოგი მას შემდეგ უფიქსირდება, რაც ის გუბერნატორის პოზიციაზე დაინიშნა.

ინფორმაციისთვის, ვალერიან მჭედლიძის მეუღლე სოფო ნადირაძე იმ ა(ა)იპ-შია დასაქმებული, რომლის ზემდგომ ორგანიზაციასაც მჭედლიძე ხელმძღვანელობდა. ნადირაძე ა(ა)იპ საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდში ადმინისტრატორის პოზიციას იკავებს. მან აღნიშნულ სამსახურში 1 წლის განმავლობაში ხელფასის სახით 22 680 ლარი მიიღო.

დატოვეთ კომენტარი