გორში, შუქნიშნების განახლება იგეგმება. შესაბამისი სამუშაოებისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების შესაძენად გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
გორის მერია განმარტავს, რომ შუქნიშნების განახლების მიზეზი მათი გაუმართაობაა და ამის გამო, ზოგჯერ საავარიო სიტუაციებიც იქმნება.
“თამარ მეფის ქუჩაზე არსებულ შუქნიშნების დამატებითი სექცია უჩვენებს მარჯვნივ მოხვევას და როდესაც ძირითად შუქნიშანზე მწვანე ფერი ინთება, პირდაპირ და მარცხნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს უხდებათ ერთმანეთის გზის გადაკვეთა, რაც წარმოშობს საავარიო სიტუაციას. საჭიროა დამატებითი სექცია უჩვენებდეს, არა მარჯვნივ მოხვევას, არამედ მარცხნივ მოხვევას. თამარ მეფის ქუჩაზე არსებულ შუქნიშნებს არ გააჩნიათ ქვეითთა სექციები და არ არის გამოყოფილი დრო ქვეითთა გადასვლისთვის, ხოლო სტალინის გამზირზე გამოყოფილი დრო არასაკმარისია”, – ნათქვამია დოკუმენტაციაში, რომელიც გორის მერიამ სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე ატვირთა.
მერიას ასევე სურს შუქნიშნები განაახლოს კომბინატის დასახლებაშიც. კერძოდ, მშვიდობის გამზირისა და ჭონქაძის ქუჩის კვეთაზე.
“მშვიდობის გამზირზე აღმოსავლეთ მხარეზე და ჭონქაძის ქუჩაზე სამხრეთ მხარეზე არსებულ შუქნიშნებზე, მუდმივად ანთია მარჯვნივ მოხვევის დამატებით სექციაზე მწვანე ფერი და ქვეითთა გადასვლისთვის არ არის გამოყოფილი დრო. ჭონქაძის ქუჩაზე სამხრეთ მხარეზე არსებულ შუქნიშნებზე არ არის ქვეითთა სექციები, ხოლო დანარჩენი არ მუშაობს”, – განმარტავენ მერიაში.
საერთო ჯამში გორის მერიას სურს შუქნიშნები განაახლოს ქალაქის ყველა იმ ადგილზე, სადაც დღის განმავლობაში გადატვირთული მოძრაობაა.
ცხინვალის გზატკეცილი და ტყვიავის, პუშკინის ქუჩების კვეთა;
ჭავჭავაძის გამზირისა და გურამიშვილის ქუჩის კვეთა;
ავტომობილებისთვის განკუთვნილი შუქნიშნების გარდა, ქალაქის რამდენიმე მონაკვეთზე იგეგმება ქვეითთა შუქნიშნების მოწყობაც.
ნინოშვილი და პუშკინის ქუჩების გადაკვეთაზე;
სამებისა და ძმები რომელაშვილების გადაკვეთაზე;
თამარ მეფისა და ძმები რომელაშვილების გადაკვეთაზე.
ტენდერში შერჩეულმა კომპანიამ მომსახურების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს. საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად გორის მერიას 20 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.