ახალი ამბები

გარეთ თვალებში ვერავის შევხედავ – კულტურის სააგენტოს ბუღალტერმა დანაშაული აღიარა 

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს მთავარი ბუღალტრის სასამართლო პროცესზე, მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ლ.წ.-ს მიმართ. 

სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ლ.წ.-მ განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალს ნაწილობრივ ეთანხმება და განმარტა, რომ 2020 წლის შუა რიცხვებამდე მისი მხრიდან თანხის მითვისებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა შემდგომ პერიოდში განხორციელებულ ქმედებებში დამნაშავეა. 

“ჩემი მუშაობის დაწყებიდან 2020 წლამდე ერთი თეთრი არ მიმითვისებია, ბრალდების იმ ნაწილს, რომ მე ამ პერიოდში სამსახურეობრივ პოზიციას ბოროტად ვიყენებდი არ ვეთანხმები. ყველაფერი არის ხაზინაში და შეგიძლიათ გამოიძიოთ. ხოლო, იმის შემდეგ რაც მოხდა, ვაღიარებ. არაფერს არ ვითხოვ ბატონო მოსამართლევ, სადაც მიმისჯით ყოფნას იქ მირჩევნია. გარეთ თვალებში ვერ შევხედავ ჩემს შვილებსა და ხალხს”, – განაცხადა სასამართლო პროცესზე ლ.წ.-მ. 

პროცესს ესწრებოდა ბრალდებული ბუღალტრის შვილიც, რომელიც დედას სთხოვდა, რომ გაემხილა იმ ადამიანების ვინაობაც, ვინც მასთან ერთად ფიგურერებდა აღნიშნულ საქმეში, თუმცა ლ.წ.-მ განაცხადა, რომ ხელს არავის აფარებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.