14 აპრილი დედა ენის დღეა. დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით, ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმმა სხვადასხვა ღონისძიებები დაგეგმა. მუზეუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტუმრებისთვის სახლ-მუზეუმის დათვალიერება უფასო იქნება.
” სახლ-მუზეუმში, სადაც, იაკობმა გახსნა პირველი სკოლა, საშუალება ექნებათ ჩაატარონ გაკვეთილი. გარდა ამისა, ცხადდება კონკურსი ხატვაში. კონკურსი მონაწილეებს საშუალებას მისცემს, დახატონ და გამოგვიგზავნონ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობიდან – „იავნანამ რა ჰქმნა“ სიუჟეტი. თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სიგელი და ამასთანავე, შესაძლებლობა ექნება, უფასოდ მოინახულოს იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი”, – განმარტავენ სახლ-მუზეუმის ადმინისტრაციაში.
გარდა აღნიშნული აქტივობებისა, სამუზეუმო სივრცეში ვიზიტორებს საშუალება აქვთ, დაათვალიერონ იაკობის მიერ სხვადასხვა წლებში გამოცემული „დედა ენა“.