ახალი ამბები

გორის მერიის შიდა აუდიტს კულტურის სააგენტო 2019 წლის შემდეგ არ შეუმოწმებია

გორის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურს ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო 2019 წლის შემდეგ არ შეუმოწმებია.

აღნიშნულ სააგენტოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ე.წ ბიტკოინების ქარხანა აღმოაჩინა, შემდეგ კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გეგმიური შემოწმებისას ბიუჯეტში დარღვევები შენიშნა, რის შესახებაც სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურს აცნობა.

რაც შეეხება, გორის მერიის შიდა აუდიტის სამსახურს, გასულ წელს მხოლოდ 2 ა(ა)იპ – სტრატეგიული განვითარების სააგენტო და კეთილმოწყობის სააგენტო შეამოწმა. კულტურის სააგენტო 2019 წლის შემდეგ არ შემოწმებულა.

რის მიხედვით ხდება იმ სამსახურების შერჩევა, რომელსაც მერიის შიდა აუდიტი შეამოწმებს – აღნიშნულ კითხვას სამსახურის უფროსი თამარ ზურაბაშვილი პასუხობს, რომ შიდა აუდიტი რისკების გაანალიზების შედეგად წყვეტს საკითხს.

“ვაანალიზებთ რისკებს, რომელიც შეიძლება არსებობდეს ა(ა)იპის წინაშე. ეს რისკები ფასდება სისტემის სირთულის, ორგანიზაციული სტრუქტურის სირთულის, ბიუჯეტის ოდენობის, საჯარო ინტერესის, კანონმდებლობის მოთხოვნათა სირთულის და თანამშრომელთა რაოდენობის მიხედვით. ამ რისკების შეფასების შემდეგ, ვადგენთ წლიურ სამოქმედო გეგმას, თუ რომელ ა(ა)იპ-ს ჩაუტარდება აუდიტორული შემოწმება”, – ამბობს თამარ ზურაბაშვილი.

2019 წელს შიდა აუდიტმა კულტურის სააგენტოს შემოწმებისას საკადრო პოლიტიკის ხარვეზები გამოავლინა.


“სააგენტო თანამშრომლების შერჩევას ახდენს რიგ შემთხვევაში პროფესიისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე”, – წერდა მერიის შიდა აუდიტი 2019 წლის დასკვნაში.

გარდა ამ ხარვეზებისა, თითქმის ყველა შემოწმების შემდეგ, საკუთარ დასკვნაში მერიის აუდიტის სამსახური სახელფასო ფონდის შემცირების და საკუთარი შემოსავლების მოძიებაზე ზრუნვის საჭიროებაზეც ამახვილებდა ყურადღებას. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.