ახალი ამბები

გორის კულტურის სააგენტოს ბუღალტერს შესაძლოა 11 წლამდე პატიმრობა დაემუქროს

გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოში თანხის გაფლანგვაზე გამოძიება მითვისების მუხლით დაიწყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნული სააგენტოს მთავარი ბუღალტერი და ყოფილი ხელმძღვანელი დაკითხა.

გამოძიება იკვლევს, ნამდვილად რიცხავდა თუ არა სააგენტოს ბუღალტერი ორი წლის განმავლობაში ბიუჯეტის ფულს აზარტული თამაშების ანგარიშებზე.

რა სასჯელი ემუქრება ბუღალტერს აღნიშნული ქმედების დამტკიცების შემთხვევაში?

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ლექსო მერებაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული საქმის გამოძიება სხვადასხვა მუხლით შეიძლება გაგრძელდეს, თუმცა ვიდრე უშუალოდ არ დამტკიცდება ვინმეს ბრალეულობა, სასჯელის ზომაზე საუბარი ნაადრევია.

“რა ინფორმაციაც გავრცელდა, მაგით თუ ვიმსჯელებთ, მითვისება-გაფლანგვის მუხლებს აკმაყოფილებს, თუმცა სხვა მუხლებიც შეიძლება გამოიხატოს, საქმის გარემოებიდან გამომდინარე. სასჯელს რაც შეეხება, თუკი ბრალი დაუმტკიცდება შეიძლება იყოს 3-5 წლამდე, 4-7 წლამდე, 7-11 წლამდე, გააჩნია რომელი პუნქტით დააკვალიფიცირებენ საქმეს”, – ამბობს ლექსო მერებაშვილი.

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს საქმიანობას სახელმწიფო აუდიტი სწავლობდა, გეგმიური შემოწმების შედეგად გამოვლენილი საეჭვო გარემოებების გამო აუდიტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა. აღსანიშნავია, რომ უწყება ამ სააგენტოში ბიტკოინების საქმეზეც აგრძელებს გამოძიებას.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.