ადამიანები

პატარა ბოსტანიდან სასათბურე მეურნეობამდე – ნინო ნადირაძის ისტორია

ერთ დღეს საკუთარი ბოსტნის გამარგვლისას მიხვდა, რომ შეიძლებოდა, ეს პატარა ნაკვეთი დიდი საქმის დაწყებაში დახმარებოდა. რამდენიმე წლის წინ, სახლის წინ კიტრისა და მწვანილის მოსავლის აღებისას, გადაწყვიტა მეურნეობა გაეფართოვებინა. 



პროფესიით მუსიკოსი, 38 წლის ნინო ნადირაძე გორის მუნიციპალიტეტიწს სოფელ ფხვენისში ცხოვრობს. ამჟამად, მას საკუთარ ეზოში ბოსტნეულის სათბური აქვს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწარმოებს.

“სამი წლის წინ დავინტერესდი სასათბურე მეურნეობით, მოვიძიე ინფორმაცია გრანტებთან დაკავშირებით. თავიდან არ მჯეროდა, სანამ არ დამირეკეს, რომ საგრანტო კონკურსში გავიმარჯვე და ჩემს კარ-მიდამოში უნდა აეშენებინათ სათბური, დევნილთა სამინისტროს და USAID-ის ერთობლი პროექტით გაკეთდა სათბური და შეუდექი მუშაობას”, – ამბობს ნინო.



საქმეს თან სირთულეებიც ახლდა. ნინო იხსენებს, როგორ ამხნევებდნენ ოჯახის წევრები, რომ ყველა პრობლემა გამოწვევად მიეღო და განვითარება არ შეეწყვიტა.

“ზაფხულში ისეთი მაღალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა, რომ ეს მცენარისთვის იყო ცუდი. შესაბამისად, გადავწყვიტე ისეთი კიტრის მოყვანა, რომელიც ადვილად გაუძლებდა ასეთ სტრესს. წარმატებით მოვიყვანე და გავაკეთე რეალიზაცია. არის კიდევ ის პრობლემა, რომ სათბურში არ მაქვს გათბობის სისტემა, რომ ზამთარშიც მოვიყვანო კიტრი და პომიდორი. ამიტომ ვარჩიე მწვანილი, რადგან ის ყინვასთან უფრო გამძლეა. ჯერჯერობით ვინმეს დასაქმებას ვერ ვახერხებ, მაგრამ სამომავლოდ ამაზეც ვფიქრობ”,  – გვითხრა ნინომ.



ნინო ნადირაძე მოყვანილი პროდუქტის რეალიზაციას ადგილზევე ახერხებს, თუმცა სამომავლოდ სხვადასხვა ბაზრის მოსინჯვასაც გეგმავს. 

“მინდა, გამიცნოს ბევრმა მყიდველმა. სამომავლო გეგმები ბევრია, მაგრამ გამოვარჩევ რამოდენიმეს – მინდა გავაკეთო სათბურში გათბობა, შევიძინო ჩირის საშრობი. მაქვს ხილიც და ვაპირებ ვაწარმოო ბიო პროდუქტი. დავრეგისტრირდე ინდ.მეწარმედ, მქონდეს ჩემი შეფუთვა და ფართო მასშტაბებზე გავიტანო ჩემი პროდუქტი, ჯერ საქართველოში და თუ მოთხოვნა იქნება საზღვრებს გარეთაც”, – ამბობს ის.

ნინო ნადირაძე სამომავლო გეგმების განხორციელების შემთხვევაში, ფიქრობს რომ საკუთარ მეურნეობაში სხვა ადამიანების დასაქმებასაც შეძლებს. 


დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.