ადამიანები ისტორიები

ჰობიდან ბიზნესამდე – სურნელოვანი სანთლები და საპნები მაკა წკრიალაშვილისგან

ორი წელია, რაც მაკა წკრიალაშვილი სურნელოვან სანთლებს და საპნებს ამზადებს. ეს წამოწყება მისი ბავშვობის გატაცების გაგძელებაა – მან გვითხრა, რომ სანთლებს მთელი ბავშვობა აგროვებდა.

“მომწონდა სხვადასხვა ფორმის და ფერის სანთლები. როგორც სუვენირებს, ასე ვაგროვებდი მათ.”

გატაცების ბიზნესად ქცევის იდეა პანდემიის პერიოდში გაუჩნდა. მასალები შეიძინა და დეკორატიული ფიგურების დამზადება დაიწყო.

“ინტერესი სულ მქონდა, რომ დამემზადებინა, ან შემეგროვებინა ლამაზი, ფერადი სანთლები. ეს ყველაფერი კი სისრულეში პანდემიის დროს მოვიყვანე. თითქოს დრო გამყავდა, მაგრამ მივხვდი, რომ ეს საქმიანობა ბევრად კარგ შედეგს მომიტანდა, თუ კი სხვებსაც გავუზიარებდი. ამიტომ გადავწყვიტე ნელა-ნელა დამეხვეწა და ახლა ვყიდი კიდეც”.

მაკა სახის საპნებსაც ამზადებს. სახის მოვლის საშუალებების დამზადების ტექნოლოგია დედამთილმა ასწავლა. ამჟამად კი, უკვე დამოუკიდებლად ამზადებს საპნებს, ბუნებრივი ექსტრაქტებით და მცენარეებით.

“ჩემი მეუღლის დედა კოსმეტოგია და მისგან ვისწავლე სახის საცხების დამზადება. დავინტერესდი სახის საპნების დამზადებით. კონსულტაციები ჩემ მეგობართან გავიარე, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და არის ფარმაცევტი. მათში უცხო და ქიმიური მინარევები არ არის, მზადდება მხოლოდ მცენარეული ექსტრაქტებით. ამ საპნებს იყენებენ არა მხოლოდ სახის დასაბანად, არამედ გამონაყარის, სიმშრალის და სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად. დამზადებულ პროდუქტს პირველად მე და ჩემი შვილი “ვტესტავთ”, – გვიყვება მაკა.



მაკა ამბობს, რომ საპნების დამზადება რთული არ არის, მაგრამ ბევრი დრო სჭირდება.

“საპნების დამზადებისას მნიშვნელოვანია ვიზუალიზაცია. ამისთვის სხვადახვა ფორმებს ვიყენებ. ამ ყველაფერს ძირითადად ღამით ვამზადებ, რადგან ძალიან ვარ დაკავებული და თვითონ მზადების პროცესიც ძალიან რთულია. დუღილის შემდეგ, როგორც კი მასას მივიღებ, სწრაფად ვასხამ ფორმებში, მანდამდე კი ფორმებს ვამუშავებ სპეციალური ზეთებით. ამ ყველაფერს კი დიდი დრო სჭირდება”.

მაკა თვლის, რომ არ არსებობს ადამიანი ნიჭის და შესაძლებლობების გარეშე, ამიტომ ყველა უნდა შეეცადოს პატარა გამოცდილება დიდ შესაძლებლობად აქციოს. ის მზადაა საკუთარი ცოდნა-გამოცდილება, სურვილის შემთხვევაში სხვებსაც გაუზიაროს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.