საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ კონკურსის „საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა, მათ შორისაა, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელი“, რომლის განმახორციელებელი – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტია.
“აღნიშნული პროექტის განხორციელებით და შესაბამისად, ხელოვნების დარგების პოპულარიზაციის გზით მრავალფეროვანი გახდება საოკუპაციო ხაზთან არსებული რეგიონის კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრება და გაიზრდება ქვეყნის ცნობადობა” , – ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტი მოიცავს რიგ ეტაპებს, მათ შორის საერთაშორისო ახალგაზრდული ფოტო კონკურსის ორგანიზებას თემაზე „ახალგაზრდა ხელოვანები მშვიდობისათვის“, სადაც ჩაერთვებიან ქართველი, პოლონელი, თურქი, გერმანელი და ფრანგი ახალგაზრდა ფოტოგრაფები და ფოტო ხელოვანები. მოწვეული ხელოვანები ფესტივალის ფარგლებში ჩაატარებენ მასტერ-კლასებს და ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ახალგაზრდული ფოტო კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენაში.