სტატიები

რატომ არის საჭირო გენდერული კვოტები? – ფაქტები და შეფასებები

1-ელ აპრილს, პარტია “გირჩი” გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა. Საუბარია,  საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლზე, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ავალდებულებს, მათ პროპორციულ სიაში ყოველი მე-4 კანდიდატი იყოს განსხვავებული სქესის. ინიციატივას მხარი დაუჭირა “ქართულმა ოცნებამაც”, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას ფლობს.

2 აპრილს, “გირჩის” მიერ ინიცირებული ცვლილება ადამიანის უფლებათა კომიტეტმა განიხილა და გენდერული კვოტირების დაჩქარებული წესით გაუქმებას დაუჭირა მხარი. 

|”გენდერული კვოტირება ჯერ ისევ სჭირდება ჩვენ ქვეყანას”

“ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა და დაინტერესებულმა მხარეებმა საკმაოდ ხანგრძლივი გზა გავიარეთ იმისათვის, რომ მიგვეღწია კვოტირების სისტემისთვის”, – ამბობს ნინო მეგრელიშვილი, რომელიც ერთ-ერთია, ვინც გენდერული კვოტირების შემოღებისთვის იბრძოდა. 

ვალდებულება, რომ პროპორციულ სიაში, ყოველი მე-4 კანდიდატი უნდა იყოს განსხვავებული სქესის, პარლამენტმა 2020 წლის 2 ივლისს დაამტკიცა. სავალდებულო გენდერული კვოტირება 2032 წლის არჩევნების ჩათვლით უნდა ყოფილიყო.

  • მიღებულ ცვლილებებში დაკონკრეტებული იყო, რომ 2024 და 2028 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, პარტიული სიების ყოველ ოთხეულში, ერთი მაინც უნდა ყოფილიყო ქალი (და არა განსხვავებული სქესის),
  • ხოლო 2028 და 2032 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით, ქალი პარტიული სიის ყოველ სამეულში უნდა ყოფილიყო.

“ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც სავალდებულო საარჩევნო გენდერული კვოტები გვაქვს, გაცილებით მეტი ქალი გვყვავს პარლამენტშიც და საკრებულოებშიც. პოლიტიკური პარტიებიც მეტ ძალისმებას სწევენ იმისთვის, რომ გამოავლინონ რაც შეიძლება მეტი ქალი კანდიდატი, ამიტომ ამ სისტემის შენარჩუნება და პირიქით დახვეწა ჯერ-ჯერობით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღემდე ქალის მიმართ ათასგვარი სტერეოტიპი და ხელოვნური ბარიერი არსებობს და ეს გამოწვევა ჩვენთვის ახალი ან გასაკვირი სამწუხაროდ არ არის.”

|”კვოტირების სისტემის გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება”

გენდერული კვოტირების საჭიროებას გვიჩვენებს რეალობა და გენდერული კვოტირების სისტემის შენარჩუნება არის ბევრი უწყების, მათ შორის ევროოკავშირის რეკომენდაციაც”, – ამბობს “ახალგაზრდა ფემინისტების” დამფუძნებელი მარიამ თოფჩიშვილი. 

Მისი თქმით, გენდერული კვოტირების გაუქმება წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის მიერ 2022 წელს გაცემული 12 რეკომენდაციის მე-9 პუნქტთან, რაც გენდერულ თანასწორობას გულისხმობს. 

გაძლიერდეს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის ზრდისთვის და ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის წინააღმდეგ, — ეწერა მე-9 პუნქტში.

Მარიამის თქმით, კვოტირების სისტემის გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება და მნიშვნელოვნად შეამცირებს ქალების ჩართულობას პოლიტიკაში. 

“ამას რამდენიმე ქვე მიზნები აქვს, სოციალური კაპიტალი რისი მოგროვების საშუალებაც ქალებს ნაკლებად ეძლევათ. ფინანსური კაპიტალი რაზეც ქალებს ნაკლები წვდომა აქვთ და უცხო არავისთვისააა, რომ პოლიტიკურ პროცესებში ეს ძაან დიდ გავლენას ახდენს. კვოტირების მექანიზმმა ის სისტემა შექმნა, რომ პარტიებში, სადაც ისედაც იყვნენ ქალები, ჩასმულიყვნენ სიებში. ამ მექანიზმის გაუქმება მოგვცემს ისევ იმ შედეგს , რომ პარტიული ნეპოტიზმი გაჩნდება, კაცები, რომ კაცებს უჭერენ მხარს.  დღეს ქალების ჩართულობა 25%  და სულაც არ არის ეს მაღალი შედეგი და კვოტირების გაუქმება გამოიწვევს იმას, რომ ქალები კიდევ უფრო ნაკლებად იქნებიან პოლიტიკურ პროცესებში ჩართულები. რაც ამ კვოტირების ფარგლებშიც პრობლემაა და მერე კიდევ უფრო გაუარესდება.”

|”ქალები ვართ მოსახლეობის ნახევარზე მეტი და მინიმალურად წარმოდგენილები პარლამენტში და საკრებულოებში”

გენდერული კვოტების გაუქმების ინიციატივას აკრიტიკებენ პოლიტიკოსი ქალებიც. Მათი თქმით, პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა სწორედ კვოტირების სისტემის შედეგია. 

სავალდებულო გენდერული კვოტირება დადებითად აისახა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც ქალთა წარმომადგენლობა 3%-ით 19.1%-მდე, ხოლო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 13.8%-დან 24%-მდე გაიზარდა.

ქალები ვართ მოსახლეობის ნახევარზე მეტი როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. ამის მიუხედავად ვერ ვმონაწილეობთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თანაბრად. კვოტირება, როგორც დროებითი მექანიზმი რომ კარგად გამოცდილი მეთოდია პოლიტიკაში ქალების მონაწილეობის გასაზრდელად, ეს დასავლეთის ქვეყნებში კარგად გამოჩნდა. ივანიშვილის პარტიამ დაკარგა მაჟორიტარები და ახლა კვოტირების გაუქმების გზით ცდილობს, პარლამენტში შეიყვანოს მეტი ფულის ტომარა კაცი, რომ როგორმე სამარცხვინო მარცხს გადაურჩეს, თუმცა მაინც არაფერი გამოუვა”, – ამბობს ანი ბალიაშვილი, გორის საკრებულოს წევრი ენმ-დან. 

ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიმართულებით გენდერული კვოტები არის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი, დროებითი ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს პოლიტიკაში ქალების წარმომადგენლობის გაზრდას. არ ვეთანხმებით გაუქმებას და მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილება იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ევროკავშირის ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოდგენს გენდერული თანასწორობის გაძლიერების მიმართულებით ძალისხმევის გაზრდა. მიუხედავად იმისა, გაუქმდება თუ არა სავალდებულო გენდერული კვოტები, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტია “გახარია – საქართველოსთვის” პროპორციულ სიაში ქალები ყველაზე ძლიერად იქნებიან წარმოდგენილნი”, – აღნიშნავს მაია ბოლაშვილი, გორის საკრებულოს წევრი პარტიიდან “საქართველოსთვის”.

80 არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს.  ერთობლივი განცხადებით, არასამთავროები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭიროს სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმებას.


მასალა მომზადდა პროექტის “ქალები საერთო მიზნისთვის” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” ახორციელებს “ქალთა ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.