ახალი ამბები

საოკუპაციო ძალა გინტურის მკვლელის დასჯას არ აპირებს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 118-ე შეხვედრაზე, საქართველოს წარმომადგენლებს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით უთხრეს, რომ ე.წ მესაზღვრეები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებდნენ.

“შეხვედრაზე პირველ რიგში, დავინტერესდით თამაზ გინტურის მკვლელობის ირგვლივ რა ნაბიჯები იქნა გადადგმული და გვქონოდა თუ არა მოლოდინი, რომ მოხდებოდა სამართლის აღსრულება. სამწუხაროდ, მოვისმინეთ იგივე ცინიკური პოზიცია, რაც არაერთგზის გააჟღერეს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა. მათგან ვისმენთ იმას, რომ ე.წ მესაზღვრეები მოქმედებდნენ განაწესის სრული დაცვით”, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ, რომელიც არის სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ანგარიშს მოუსმინეს, სადაც მან განაცხადა, რომ უწყებამ არ იცის ვინ ესროლა თამაზ გინტურს.

„მაგას ალბათ ვერ დაგვაბრალებთ, რომ გავიგეთ რაღაც ინფორმაცია და ვმალავთ ვინ ისროლა, ვინ იყვნენ. ვმუშაობთ, ურთულესია,  გამოძიება მიდის, თუმცა რომ ვთქვა, რომ ვიცით გვარები და უკვე სია გამზადებული გვაქვს, არ არის ასე”, – განაცხადა გომელაურმა.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა თამაზ გინტური 2023 წლის 6 ნოემბერს მოკლეს. ის კირბალში ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაცხრილეს.  

დატოვეთ კომენტარი