გორის ხელოვნების სახლში თემაზე მითები და ლეგენდები საბჭოთა საქართველოზე შეხვედრა მოეწყობა.
ხელოვნების სახლის ინფორმაციით, შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართება და მას ისტორიკოსები ლაშა ბაქრაძე და ირაკლი ხვადაგიანი გაუძღვებიან.
“ესაა დისკუსიების ციკლი, რომლებიც გაიმართება საქართველოს რეგიონებში თანამედროვე ქართული იდენტობისა და კულტურის შესახებ.”, – აცხადებს ხელოვნების სახლი.
ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიზანია კრიტიკული დიალოგის წამოწყება საქართველოს რეგიონებში იმ პრობლემების შესახებ, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი საზოგადოება დგას.
“უკანასკნელი 30 წლის გააზრება კულტურისა და სამოქალაქო უფლებების ჭრილში, საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების და რადიკალიზმის შემცირება, ისეთი საკითხების წამოწევა, რომლებზეც ნაკლებად საუბრობს ქართული საზოგადოება, ან პირიქით, დროდადრო მწვავდება საუბარი. აგრეთვე, თანამედროვე ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ტექსტების განხილვა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით”.
პროექტში მონაწილეობენ მწერლები, ჟურნალისტები, მეცნიერები და სამოქალაქო აქტივისტები.
შეხვედრა 16 მარტს 16:00 საათზე დაიწყება.