სტატიები

“საჩუქრებისთვის, ფორმებისთვის, სუფრისთვის ფულს გვაგროვებინებენ” – რა ხდება გორის ბაღებში

გორის საბავშვო ბაღებში აქტივობების ჩასატარებლად მასწავლებლები მშობლებისგან ფორმების შეკერვას, საჩუქრებისთვის ფულის შეგროვებას და სხვადასხვა ხარჯის გაღებას ითხოვენ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში აღსაზრდელის მშობელი წერს. მისი თქმით, ეს საკითხი უფრო მეტად აქტუალური დამამთავრებელ ჯგუფებშია. 

ბევრი რამის ფულს აგროვებენ მშობლები ამ გაჭირვებაში. მასწავლებლის მოთხოვნებს საზღვარი არ აქვს“, – წერს მშობელი.

მისი თქმით, გამოსაშვები საღამოსთვის, მასწავლებელი მშობლებს ხარჯის გაღებას სამოსისთვის, გადამღები ჯგუფისთვის და სადღესასწაულო სუფრისთვის სთხოვს. 

კრება ჩაატარა მასწავლებელმა ბაღში და მოგვთხოვა შევუკეროთ ტანსაცმელი, რადგან ამთავრებენ. დრონი და ვიდეო გადამღები მონახეთ, მოიძიეთო. სამი მასწავლებლის, დირექტორის და მუსიკის მასწავლებლის საჩუქრის ფული, ალბომის ფული, ტკბილეულის სუფრის ფული, კაბის მკერავი. ოთახი რომ მოვრთოთ ფული, მშობლების ცეკვის ფული. დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და იცოდეთო, მე სააგენტოდან წარმომადგენელი მეყოლება და არ უნდა შევრცხვეო“, – ვკითხულობთ პოსტში. 

მშობლის თქმით ხარჯების ჩამოთვლის შემდეგ, მასწავლებელმა იმ მშობლებს, ვისაც ფინანსების გაღება არ შეუძლიათ, შვილების სახლში დატოვება ურჩია. 

“ვისაც არ აქვს საშუალება იმ დღეს არ მოიყვანოს შვილიო. მშობლებმა რა ქნან? ასე ჩემნაირად წერონ მე ხომ დავწერე მერე?! იმ დღეს კი არა იმ კვირას სულ არ წავიყვან რატო ვანერვიულო ბავშვი”.

პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მშობლები წერენ, რომ მსგავსი შემთხვევები მათთანაც ხდება.

იმის გასარკვევად, თუ როგორ ხდება სკოლამდელ დაწესებულებებში აქტვიობების დაგეგმვა და ამისთვის თანხების მობილიზება, “მოზაიკა” რამდენიმე ბაღის დირექტორს დაუკავშირდა. 

მაგალითად, მე-5 და მე-12 საბავშვო ბაღების დირექტორები ამბობენ, რომ მასწავლებელს მშობლებისთვის მსგავსი მითითებების მიცემის უფლება არ აქვს. 

“როდესაც ვაპირებთ ღონისძიების ჩატარებას, განსაკუთრებით გამოსაშვებ ჯგუფებთან, მე და აღმზრდელები ვფიქრობთ რა გავაკეთოთ, შემდეგ ვიწვევთ მშობელთა კრებას და ვაცნობთ. განვიხილავთ მათთან ერთად, როგორც გადაწყვეტენ ისე ვაკეთებთ. მასწავლებელს მითითების უფლება არ აქვს, იმიტომ რომ ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ყველა მშობელს არ აქვს ამის საშუალება“, – გვითხრა მე-5 ბაღის დირექტორმა, თამარ რაზიკაშვილი.

“ყველანაირი თანხის შეგროვება აკრძალულია, მათ შორის საჩუქრებზე. როდესაც აქტივობას ვატარებთ, ეს არის მშობლების გადაწყვეტილება, ზოგჯერ მოჰყავთ გადამღები, ზოგჯერ არა.  არასოდეს მოგვითხოვია მშობლებისთვის ინტერიერის მოსაწყობად ფულის აგროვება. მშობლებს არჩევანის უფლება აქვს, გააკეთონ ალბომები, მოიყვანონ გადამღები და ასე შემდეგ. ამ ყველაფერში მონაწილეობას ჩვენი აღმზდელები არ იღებენ“, – აღნიშნა მე-12 საბავშვო ბაღის ხელმძღვანელმა, ქეთევან დავითაშვილი

სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ საკითხის მოკვლევა დაიწყო. ამბობენ რომ, დადასტურების შემთხვევაში, ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

“სააგენტოს მხრიდან აკრძალულია ყველანაირი თანხის შეგროვება, ფორმები და ის ხარჯი, რაზეც მშობელი პოსტში საუბრობს. ჩვენ ვითხოვეთ, რომ პირად შეტყობინეებაში მოეწერა იმ ბაღის შესახებ, რომელზეც ეს ქალბატონი საუბრობს, რომ გავარკვიოთ. ეს ინფორმაცია თუ დადასტურდა, შესაბამის რეაგირებას მოახდენს სააგენტო”.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.