სტატიები

სკოლების 80%-ში ბუფეტი არ არის – ვითარება გორის სოფლებში 

გორის სოფლებში მდებარე სკოლების 80%-ში ბუფეტი არ არის. მოსწავლეები ჩივიან, რომ ხშირად სახლში დაბრუნებამდე მშივრები არიან. ეს საკითხი განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს აწუხებთ, რომლებიც გაკვეთილების შემდეგ პირდაპირ რეპეტიტორთან მიდიან. 

| “მოსწავლეების უმრავლესობას უწევს, რომ გაკვეთილებზე მშიერი იჯდეს, რაც პროდუქტიულობაზეც მოქმედებს”

ელენე ჩუტკერაშვილი მე-12 კლასის მოსწავლეა და ტირძნისის საჯარო სკოლაში სწავლობს. ბუფეტი არც მის სკოლაშია. ამიტომ ცდილობს, რომ სკოლაში საკვები მარკეტიდან გაიყოლოს. 

“მარკეტი სკოლიდან საკმაოდ შორს არის. ამიტომ ყოველთვის ვერ ვახერხებ იქ გასვლას. ასეა ბევრი მოსწავლე. მოსწავლეების უმრავლესობას უწევს, რომ გაკვეთილებზე მშიერი იჯდეს, რაც აზროვნებაზე და პროდუქტიულობაზეც მოქმედებს.”

ელენეს თქმით, სკოლაში ბუფეტის გახსნა ყველა მოსწავლის სურვილია. 

დაბალი კლასის მოსწავლეები მარკეტში ვერ დადიან და სკოლასთან მდებარე ჯიხურში ყიდულობენ საკვებს, მაგრამ იქ არც არჩევანია დიდი და პრაქტიკულად, ნოყიერი არაფერი იყიდება. უფროს კლასელები ხშირად სკოლის მერე პირდაპირ რეპეტიტორთან მიდიან და 3-4 საათამდე მშივრები არიან”. 

| “სკოლას უნდა ჰქონდეს ბუფეტი, ეს მოსწავლეების უსაფრთხოებისთვისაც აუცილებელია”

კიდევ ერთი სკოლა, სადაც ბუფეტი არაა, პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლაა. Მოსწავლეებთან ერთად, ეს საკითხი მშობლებსაც აწუხებთ. Მაგალითად, მეხუთე კლასელი მოსწავლის დედა წუხს, რომ საკვების შესაძენად უმცროსკლასელებს სკოლის ტერიტორიის დატოვება უწევთ. 

სკოლა ახლი გაკეთებულია,თუმცა კვების ობიექტი არ არის სადაც ბავშვი საკვებს შეიძენს,იმის გამო რომ მარკეტამდე მისასვლელად გზის გადაკვეთაა საჭირო მეშინია და მარკეტით სარგებლობას უშლი ბავშვს”, – გვითხრა სოფო ბუზიაშვილმა. 

Მისი თქმით, კვების ობიექტის არსებობა სკოლის ტერიტორიაზე, პირველ რიგში, ბავშვების უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი. 

“მშიერი ბავშვმა, რომელიც გაკვეთილზე ზის, რა უნდა ისწავლს და გაიგოს. რაც მთავარია, ბაშვს კვების რეჟიმი ერღვევა ,მქონია შემთხვევა ბავშვს დილით ჭამაზე უარი უთქვია, შემდეგ მთელი დღის მშიერი როდესაც სახლში მოსულა, სურვილი აღარ ქონია ეჭამა, სწავლაზეც მოქმედებს რა თქმა უნდა. საჭიროა სკოლაში კვების ობიექტის არსებობა, ბავშვმა დასვენების პროცესის დროს ერთი ღვეზელი მაინ ,რომ შეჭამოს”. 

| “გვეუბნებიან, სკოლაში ბუფეტის გახნისთვის ფართი არ არისო”

Ბუფეტის გახსნას ქვახვრელის საჯარო სკოლის მოსწავლეებსაც სურთ, თუმცა  როგორც ამბობენ, ამის იმედი აღარ აქვთ, რადგან ადმინისტრაციამ უთხრა, რომ შენობაში ამისთვის საჭირო ფართი არ არის. 

ეხლა ერთი ქალი მოდის ხოლმე დიდ შესვენებაზე და ღვეზელებს, ლობიანებს და ქადებს ყიდის ხოლმე. მოსწავლეების ნაწილი მისგან ყიდულობს, ნაწილს სახლიდან მოაქვს, ნაწილი კი მაღაზიაში გადის ხოლმე”, – გვითხრა ნინი გაზაშვილმა. 

| გორის სოფლებში მდებარე სკოლების 80%-ში ბუფეტი არ არის

გორის მერიის ინფორმაციით, გორის სოფლებში სულ 55 სკოლა ფუნქციონირებს. Აქედან კვების ობიექტი მხოლოდ 11-შია გახსნილი. 

13 თებერვლის მდგომარეობით, ბუფეტები გახსნილია ახალდაბის, ზერტის, კარალეთის N1, სვენეთის, სკრის, ტინისხიდის, ტყვიავის, ქვეშის, შინდისის, ძევერის, ხიდისთავის საჯარო სკოლებში”, – გვითხრა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა. 

Ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, ბუფეტების არარსებობას რამდენიმე მიზეზი აქვს. 

“ერთ შემთხვევაში, სკოლას შეიძლება არ ქონდეს ფართი, ხოლო მეორე შემთხვევაში შეიძლება ქონდეს, მაგრამ ბუფეტის გახსნის მსურველი არ იყოს. ბიზნესოპერატორი ნაკლებად ინტერესდება იმ სკოლებით სადაც მოსწავლეების რაოდენობა მცირეა”. 

კანონმდებლობის მიხედვით, სკოლა ვალდებულია ბუფეტისთვის გამოყოფილი ფართი აუქციონის წესით გაასხვისოს. 

“აუქციონის წესებიდან გამომინარე, შესაძლებელია ორი კონკურენტი ისე შეყვეს ერთმანეთს, რომ ფასი გაიზარდოს არაადეკვატურად, ბევრი შემთხვევა გვაქვს ასეთი, როცა აუქციონში გამარჯვებულმა გააფორმა ხელშეკრულება სკოლასთან და შემდეგ ვეღარ გადაიხადა თანხა და მოშალა ხელშეკრულება.”

| “21-ე საუკუნეში კვების პრობლემა სკოლებში აღარ უნდა არსებობდეს” 

“უნდა მოინახოს გზა, რომ სკოლებში ბავშვები მშივრები არ იყვნენ”, – ამბობენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები. Ისინი ფიქრობენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეების ჯანსაღი კვების უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა. 

ევროპისა და ამერიკისგან განსხვავებით, საქართველოში არ არსებობს სტანდარტები, რომლითაც სკოლებში ბავშვებისა და მოზარდების კვებაზე დაიწყება ზრუნვა. მეც ბევრჯერ ვყოფილვარ სკოლაში მშიერი და ამის გამო გაკვეთილებზე ან ნაკლებად ვაქტიურობდი ან ცუდი ყოფაქცევით ვანაზღაურებდი. მგონია, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლებამ ეფექტური გზა უნდა მოძებნოს”, – ამბობს შოთა მარანელი, ‘ინოვატორის” ხელმძღვანელი.

ახალგაზრდა აქტივისტები ფიქრობენ, რომ კვების პრობლემა პირდაპირ კავშირშია ახალგაზრდების ჯანმრთელობასთან და განვითარებასთან. Შესაბამისად, ამ საკითხის მოგვარება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს. 

არასწორი კვების რეჟიმი თუ შიმშილი არამარტო ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, არამედ ახალგაზრდების განვითარებასაც აფერხებს, რადგან მოსწავლეები ფიზიკურად ვეღარ სძალავენ გაკვეთილების შემდეგ, კლასგარეშე აქტივობებში მონაწილეობას. ამიტომ ამ პრობლემას უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს და გამოსავლის გზა მოიძებნოს. 21-ე საუკუნეში არ უნდა გვიწევდეს იმაზე საუბარი, რომ სკოლაში კვების ობიექტი საჭიროა”, – გვითხრა მამუკა ზოლოტარიოვმა, გორის ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარემ. 

ახალგაზრული ორგანიზაციების წარმომადგენლები გეგმავენ, რომ ამ პრობლემაზე საუბარი გააქტიურონ და ხელისუფლებას პრობლემის მოგვარების ეფექტიანი გზების მოძებნისკენ უბიძგონ. 


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.