გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მშენებლობის კონტროლის განყოფილებამ ერთი წლის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში, სამშენებლო სამართალდარღვევის გამო 28 იურიდიული და 94 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
ინფორმაციას აღნიშნული სამსახურის 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშში ვეცნობით. დოკუმენტიდან ირკვევა რომ, სამშენებლო სამართალდარღვევის დაჯარიმების თანხამ სულ 117 950 ლარი შეადგინა.
“დღევანდელი მდგომარეობით ბიუჯეტში ჩარიცხულია 100 750 ლარი, ხოლო გადაუხდელ თანხებზე დღემდე მიმდინარეობს საქმის წარმოება, რომლებსაც საქმეები გასაჩივრებული აქვთ სასამართლოში”, – წერია ანგარიშში.
ინფორმაციისთვის, განყოფილების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციის და აღმკვეთი ღონისძიებების ორგანიზება. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა, საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე.