ახალი ამბები

რა შემთხვევაში დააფინანსებს გორის მერია 100%-თ ეზოების რეაბილიტაციას

გორის მუნიციპალიტეტის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების  მესაკუთრეთა გაერთიანებების 2024 წლის დაფინანსების პროგრამის მიხედვით, შესაძლებელი იქნება სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების, ასევე ეზოების რეაბილიტაციის სრულად დაფინანსება, თუმცა გადაწყვეტილებას ამის შესახებ მერიაში შექმნილი კომისია მიიღებს.

“საჭიროების შემთხვევაში მერიაში შექმნილი შესაბამისი კომისიის, რომლის თავმჯდომარეც იქნება მერი ან მერის პირველი მოადგილე, გადაწყვეტილების საფუძველზე აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების მიზნით, მერია სრულად აფინანსებს აღნიშნულ 2 მიმართულებას”, – წერია დოკუმენტში, რომელიც საკრებულოს ბოლო სხდომაზე დამტკიცდა.

დოკუმენტის მიხედვით, პროგრამაში  მონაწილეობის  მისაღებად  შერჩეული  იქნება  ამხანაგობის/არარეგისტრირებული კავშირის მიერ წარმოდგენილი  განაცხადებები,  რომლებიც აკმაყოფილებენ  წინასწარ  განსაზღვრულ  მოთხოვნებს.

ერთნაირი კრიტერიუმების შემთხვევაში   უპირატესობა  მიენიჭება  ამხანაგობის/არარეგისტრირებული კავშირის  საერთო ქონების მოვლისათვის დაწესებული შენატანის არსებობას, მის მოვლა-პატრონობის და ექსპლოატაციის პირობებს/მნიშვნელობებს. უპირატესობა მიენიჭება პრიორიტეტულ პროექტებს. პრიორიტეტული პროექტები  განსაზღვრულია შემდეგი თანმიმდევრობით:

 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების:

  • სასმელი წყლის და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია;
  • ეზოების კეთილმოწყობა;
  • შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოები;
  • სახურავის რეაბილიტაცია (წყალსაწრეტი მილები, ქანობიანი და ბრტყელი სახურავი);
  • ლიფტის რეაბილიტაცია;
  • შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს მოწყობა;
  • ფასადის რეაბილიტაცია, კონსტრუქციული ელემენტების ჩათვლით;
  • სადარბაზოების რეაბილიტაცია;
  • საბავშვო მოედნების მოწყობა.
დატოვეთ კომენტარი
ტეგები