ახალი ამბები

გორელ ჟურნალისტებზე ძალადობის საქმე სტრასბურგში გაიგზავნება

გორში მომუშავე ჟურნალისტებზე ძალადობის და საქმიანობაში ხელშეშლის საქმე სტრასბურგში გაიგზავნება. ამის შესახებ, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ლექსო მერებაშვილი აცხადებს.

საქმე ეხება, 2022 წლის 18 თებერვალს კასპის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს. ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს სხდომათა დარბაზში. ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობდნენ, როგორც პოლიციის, ასევე “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები.

“2 წლის შემდეგ, მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტ ირაკლი მილაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისთვის წარედგინათ ბრალი კასპის საკრებულოს თავმდომარის მოადგილეს და აპარატის უფროსს, არადა მაგ დღეს ჟურნალისტებიც გახდნენ ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლები. მათ ასევე შეეშალათ ხელი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში. ამ მიმართულებით, ამ წლების განმავლობაში გამოძიება წინ არ წასულა. აქედან გამომდინარე, ვამზადებთ სარჩელს, რომელიც სტრასბურგში გაიგზავნება”, – აცხადებს ლექსო მერებაშვილი.

ფაქტი 2022 წელს მოხდა. კასპის საკრებულოს სხდომაზე მისულ ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ პოლიციელები, მათ შორის, კასპის პოლიციის იმდროინდელი უფროსი გიორგი ჩოქური; ასევე კასპის საკრებულოს სხვადასხვა მაღალჩინოსნები.

დატოვეთ კომენტარი