ახალი ამბები

კასპის საკრებულოს თანამშრომლებს ძალადობისთვის ბრალი წარუდგინეს

კასპის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი მჭედლიშვილს და აპარატის უფროსს ზურა ჩიტიშვილს პროკურატურამ ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინა.

საქმე ეხება, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის თებერვალში განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც საკრებულოს თანამშრომლები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს. 2 წლის შემდეგ, პროკურატურამ აღნიშნულ ორ პირს ბრალი მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტ ირაკლი მილაძეზე თავდასხმისთვის წარუდგინა.

საკრებულოს სხდომაზე ვიდეოს ვიღებდი. ამ დროს ენმ-ს წევრებმა პერფომანსი დაწყეს და კასპის მერს ტუალეტის ქაღალდები ესროლეს. ამ დროს ჩხუბი დაიწყო და მე დავიძახე ბიძინას მონებო მეთქი. მაგ დროს სკამზე ვიდექი, რომ ეს ვითარება გადამეღო. ამ დროს ზურა ჩიტიშვილი მომვარდა და სკამიდან ჩამომაგდო. თან ხელს მირტყამდა. მჭედლიშვილმა მერე დამარტყა ხელი, ბიძინას როგორ შეაგინეო”, – განვითარებულ მოვლენებს ირაკლი მილაძე “მოზაიკასთან” იხსენებს.

მილაძის ინტერესებს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ლექსო მერებაშვილი იცავს.

“პროკურატურიდან გვაცნობეს რომ აღნიშნულ პირებს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით წარედგინათ ბრალი”, – ამბობს მერებაშვილი.

“მოზაიკა” გიორგი მჭედლიშვილთან და ზურა ჩიტიშვილთან დაკავშირებას ცდილობს. როგორც ცნობილია, ისინი კვლავ იკავებენ კასპის საკრებულოში აღნიშნულ თანამდებობებს.

დატოვეთ კომენტარი