ახალი ამბები

მოხისში ხალხს წყალი სახლებში უვარდება – მიზეზი გაუმართავი სანიაღვრე სისტემაა

“ყოველი წვიმის შემდეგ, სახლები წყლით ივსება” – ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი თამარ დიასამიძე ამბობს, რომ სოფელში სანიაღვრე სისტემის მოწყობა არასწორად მოხდა, რის გამოც, ნალექიანი ამინდების შემდეგ, ადგილობრივებს წყალი სახლში შესდით.

“ვითომ გაკეთებული სანიაღვრე! არადა სინამდვილეში სარწყავი არხი მოუწყეს მოსახლეობას, რომელსაც გასავალი არ აქვს და სახლებში უვარდება ხალხს წყალი.ამ შემთხვევაში, ყველაზე მეტად ბონდო ხუციშვილის სახლი დაზარალდა. ამ პრობლემის მოგვარებას წლებია ვითხოვთ, თუმცა არაფერი იცვლება”, – ამბობს თამარ დიასამიძე.

გაუმართავი სანიაღვრე სისტემის გამო, ყოველი წვიმის შემდეგ, განსაკუთრებით ხუციშვილების ოჯახი ზარალდება. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ოჯახში ორი სოციალურად დაუცველი მოხუცი ცხოვრობს, რომელთაც ხელისუფლება არაფრით ეხმარება.

“სოციალურ სიდუხჭირეს ემატება ეს პრობლემა. მესამე წელია ეს ამბავია და ყველაზე მეტად ხუციშვილების სახლი ზარალდება, ლამისაა თავზე ჩამოექცეთ სახლი, რა იქნება მოაგვარონ სანიაღვრეების პრობლემა, იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახს, არც საახალწლოდ და არც სხვა დღეებში არავინ არაფრით არ ეხმარება”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები