ახალი ამბები

გორში 31 დეკემბრის კონცერტისთვის 5 მომღერალს 38 189 ლარს გადაუხდიან

გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო 31 დეკემბრის საახალწლო გალა კონცერტისთვის ერთ ჯგუფს და 4 ინდივიდუალურ შემსრულებელს 38 189 ლარს გადაუხდის. უწყებამ უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს თხოვნით, რომ კულტურის სააგენტომ შეძლოს ხელშეკრულების გაფორმება ტენდერის გარეშე.

31 დეკემბრის გალა კონცერტისთვის გორის კულტურის სააგენტომ შემდეგი შემსრულებლები შეარჩია: მუსიკალური ბენდი ,,არა” ,  ინდივიდუალური შემსრულებლები –  იოსებ დარბაიძე, ემზარ იორამაშვილი, ვანო მურადელი და მაია ბიძინაშვილი.

“კვლევის შედეგად დადგინდა,რომ წარმოდგენილი შემსრულებლები დიდი პოპულარობით სარგებლობენ გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში და ექსკლუზიურობა დასტურდება მათ მიერ წარმოდგენილი ცნობების საფუძველზე”, – აღნიშნული არგუმენტით ითხოვს კულტურის სააგენტო შესყიდვას ტენდერის გარეშე.

სააგენტო უთითებს, რომ შესყიდვის ღირებულება განისაზღვრა მოლაპარაკებებისა და ურთიერთშეთანხმების გზით.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.