ავტორი: ანა ჯიოშვილი
სახლები ნაწილი დაკეტილია. ნაწილი კი იმდენად ავარიული, რომ ვერც კი იფიქრებ, მას საცხოვრებლად თუ კიდევ იყენებენ.
“ნაწყენები ვართ, რომ მთავრობა ჩვენ არ გვაქცევს ყურადღებას. ჩვენს სახლებსაც შეავლონ ხელი, ნახეთ, დანგრევის პირზეა“, – მითხრა მაშინ, როცა ერთ-ერთ სახლს ფოტოს ვუღებდი.
ჯულიეტა რაზმაძე იქვე, სოფლის ცენტრში, მშენებარე ეკლესიასთან იჯდა და შემოდგომის მზეს ეფიცხებოდა.
“ამ სოფელში ბევრ სახლს ნახავთ, რომელიც ინგრევა, ან დანგრევის პირასაა. აგერ, ჩემი სახლი აქედან რამდენიმე მეტრშია. თუ გამომყვებით, ნახავთ რა პირობებში გვიწევს ცხოვრება. იმხელა სახლიდან ორი ოთახის მეტს ვერ ვიყენებთ“, – მითხრა ჯულიეტამ, ფეხზე წამოდგა და სახლისკენ გამიძღვა.
მოვლილ ეზოში დანგრევის პირას მყოფი ორ-სართულიანი სახლი დამხვდა. .
“თქვენ გაქვთ საშუალება გამგეობას მიაწვდინოთ ხმა, რომ სახლები გაგვიმაგროს?” – მკითხა ჭიშკრის შეღებისას და გზა სახლისკენ განაგრძო.
ეზოში არაყის გამოსახდელად გამზადებული ქვაბი, ზარფუში და გეჯა დგას. აქვეა თონეც, რომელსაც ჯულიტასათან ერთად, მეზობლებიც იყენებენ პურის გამოსაცხობად. სახლის გვერდით ქართული საგუშაგოა, რომელზეც საქართელოს დროშა ფრიალებს
“2008 წელს აქ ვიყავი, სახლი არ დამიტოვებია, რადგან არ მინდოდა ოკუპანტებს გადაეწვათ. ვფიქრობდი, აქ თუ დავხვდებოდი, ამას ვერ გაბედავდნენ. ჩემი თვალით ვუყურე, როგორ სვამდნენ ბოძებს და ავლებდნენ მავთუხლართებს. ჩემს თვალწინ დაიკარგა ოსური სოფელი ხელჩუა, რომელთანაც კეთილმეზობლური დამოკიდებულება გვქონდა”.
ჯულიეტამ ამ სახლში ცხოვრება 50 წლის წინ, ერთი ოთახიდან დაიწყო. საკუთარი შრომით, ნელ-ნელა საცხოვრებელი სივრცე გააფართოვა, ოთახები მოამატა და პირველ სართულს მეორეც დააშენა. ამბობს, რომ წვალებით აშენებული სახლის კედლები ჯერ მიწისძვრამ დაბზარა, შემდეგ კი ომმა დანგრევის პირას მიიყვანა.
“დიდი ბეტეერების და სროლების გამო კედლები ერთმანეთს დაცილდა. ჩვენი სახსრებით ვეღარ ვაკეთებთ. ცოტა ძლიერი მიწისძვრა რომ მოხდეს სრულიად ჩაიტანს სახლს”.
კედლებზე გაჩენილი ბზარები მარტივი შესამჩნევია. ჯულიეტა ამბობს, რომ რაც დრო გადის, ნაპრალები ფართოვდება და სახლში სითბოს შენარჩუნებაც რთულდება.
“ამ შეშის ღუმელით ვთბებით, მაგრამ ამ ნაპრალებიდან ქარი ისე უბერევს, რა სითბო უნდა შევინარჩუნო?!”.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი გაზიფიცირებულია, თუმცა ადგილობრივების ნაწილი მაინც შეშით თბება, რადგან როგორც ამბობენ, მთავრობის მიერ კომუნალურებზე დაწესებული შეღავათები გამათბობლების ხარჯისთვის არ ეყოფათ.
“მთავრობამ 200-ლარიანი ვაუჩერი გამოყო ჩვენთვის, რომელიც მთელი წელი უნდა ვიკმაროთ და გაზი რომ ჩავრთო, მაგას მაგ 200 ლარით ვერ გავწვდები”
ჯულიეტა ამბობს, რომ ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე, გუგუტიანთკარი ნელ-ნელა დაიცლება. მისი თქმით, ავარიული სახლების შეკეთება ერთ-ერთია, რაც ადამიანებს სოფელში დაბრუნების და დარჩენის სტიმულს მისცემდა.
“ჩემი სახლის ფანჯრიდან ჩანს რუსული საგუშაგო, ყოველ დილით ვხედავ და სულ გამეფიქრება ხოლმე, ჩვენ რომ წავიდეთ ამ სოფლიდან, მერე რა იქნება?! მე კი არსად წამსვლელი არ ვარ, მაგრამ თუ ხელშეწყობა არ იქნება, ახალგაზრდები წავლენ და დარჩება ეს სოფელიც ცარიელი სახლების და მოხუცების ამარა”.
მასალა მომზადებულია პროექტის “ქალები და ოკუპაცია” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” შვედური ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” დაფინანსებით ახორციელებს. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციებს.