ახალი ამბები

გორში ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტებს უკანონოდ გასცემდნენ – სამინისტრო

ფსიქოტროპული მედიკამენტის ათასობით რეცეპტის უკანონოდ გაცემის გამო სამ სამედიცინო დაწესებულებას და ექიმებს საქმიანობა აეკრძალათ – მათ შორის ერთ-ერთია შპს “ამბულატორიული კლინიკის” გორის ფილიალი. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

“რეგულირების სააგენტომ, “შპს ამბულატორიული კლინიკის“ თბილისისა და გორის ფილიალის, ასევე შპს „ჯანმრთელობა ყველასთვის 3“ შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ დაწესებულებები, ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტს, უკანონოდ ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევების გარეშე გასცემდნენ. აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებებში, მხოლოდ მიმდინარე წელს, სამედიცინო ჩვენების გარეშე ფსიქოტროპული მედიკამენტის 3 457 რეცეპტი გამოწერეს, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა და საქართველოში გამოწერილი რეცეპტების ჯამური ოდენობის, დაახლოებით 50%-ს შეადგენს”, – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, სამივე დაწესებულებას ერთი მესაკუთრე და საერთო სამედიცინო პერსონალი ჰყავს. აღნიშნული ამბულატორიების საქმიანობა კი მხოლოდ ფსიქოტროპული მედიკამენტის რეცეპტების უკანონოდ გამოწერით შემოიფარგლებოდა.

აღნიშნული დაწესებულების 3 ექიმს, ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ, სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმა. მძიმე გარემოებების გათვალისწინებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ სამივე დაწესებულებას, ხელმძღვანელსა და 3 ექიმს საქმიანობა აუკრძალა.

საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

დატოვეთ კომენტარი