ადამიანები ისტორიები

მუსიკის და სოფლის სიყვარული – ლიანა ლეკიაშვილის ისტორია საოკუპაციო ხაზიდან

ლიანა ლეკიაშვილი 63 წლისაა. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთში ცხოვრობს. ამბობს, რომ მთელი ცხოვრება მუსიკას მიუძღვნა. დაოჯახებამდე აქტიური მუსიკალური კარიერა ჰქონდა. მღეროდა გორის ქალთა კამერულ გუნდში, დადიოდა გასტროლებზე და მონაწილეობდა შეჯიბრებებში. 

“1995 წელს გავთხოვდი სოფელ ბერშუეთში, ჩემი მეუღლე იყო ავთანდილ ყუმბულაშვილი. სამწუხაროდ, 2020 წელს გარდაიცვალა. ჩვენი სოფელი ბერშუეთი, ლამაზი, თბილი და კარგი სოფელია. აქ ბევრი ახლობელი და საყვარელი ადამიანი შევიძინე”.  

ლიანა ბერშუეთის სკოლაში მუსიკას ასწავლის. ამჟამად, 14 მოსწავლე ჰყავს, რომლებსაც ერთ პატარა ოთახში ამეცადინებს. 

40 წელზე მეტია მუსიკა ჩემი განუყოფელი ნაწილია. სკოლაში გამომიყვეს ოთახი, სადაც ვატარებ ფორტეპიანოს, სოლფეჯიოს და მუსლიტერატურის  გაკვეთილებს. მოსწავლეებს ასევე, ვუმუშავებ ხმას და ვასწავლი სიმღერებს. ყოველი წლის ბოლოს ვატარებთ საანგარიშო კონცერტებს, სადაც ყოველთვის სიხარულით და წარმატებულად გამოდიან”, – გვითხრა ლიანამ. 

ლიანა გორში დაიბადა. სკოლა მშობლიურ ქალაქში დაამთავრა. მისი თქმით, პატარა ასაკიდანვე ეტყობოდა მუსიკისადმი ინტერესი, რის გამოც დედამ მუსიკაზე მიიყვანა.

ვსწავლობდი გორის მე- 9 სკოლაში. პირველ კლასში რომ ვიყავი, სიმღერის მასწავლებელმა დედაჩემს ურჩია, რომ მუსიკაზე მივეყვანე. შემდეგ წელს, ჩავაბერე გორის პირველ მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს განხრით. სკოლებს შორის ტარდებოდა  ხოლმე შეჯიბრი, პირველი კლასიდან მეათე კლასამდე, ამ შეჯიბრებებში ვმონაწილეობდი“, – იხსენებს ლიანა.

ლიანამ ბავშვობაში ჩაფიქრებული სურვილის ახდენა, გამხდარიყო პროფესიონალი მუსიკოსი 1980 წლიდან დაიწყო, როცა გორის სამუსიკო სკოლაში ჩააბარა.

ძალიან მინდოდა ვყოფილიყავი ბატონ შალვა მოსიძის გუნდის წევრი. ეს ოცნება ამისრულდა. 1980 წლიდან 1995 წლამდე, ვმღეროდი ჩემ საყვარელ გორის ქალთა კამერულ გუნდში“, – გვიყვება ლიანა.

ქალთა კამერულ გუნდში ყოფნის დროს, ლიანამ არაერთ ქვეყანაში იმოგზაურა. სხვადასხვა წლებში იყო უნგრეთში, რუსეთში, საფრანგეთში, იაპონიაში, ესპანეთში, ესტონეტში და გერმანიაში, სადაც საგუნდო ფესტივალებში მონაწილეობდა. 

“როდესაც ირჩევ ამ პროფესიას, ძალიან უნდა გიყვარდეს ეს საქმე და რაც მთავარია, უნდა გიყვარდეს ადამიანები. ამ შემთხვევაში, ყველაფერი გამოგივა.” 

ლიანა ფიქრობს, რომ განვლილი ცხოვრების ფონზე, ახლა იმ სოფელში საქმიანობა, რომელიც საოკუპაციო ხაზიდან რამდენიმე მეტრშია, მისთვის გამოწვევაა, რომლის დაძლევას მოსწავლეებისა და პროფესიის სიყვარულით ახერხებს.


მასალა მომზადებულია პროექტის “ქალები და ოკუპაცია” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” შვედური ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” დაფინანსებით ახორციელებს. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.