ახალი ამბები

ცხრა პრობლემა, რომელთა გათვალისწინებასაც ოპოზიცია 2024 წლის გორის ბიუჯეტში ითხოვს

გაიზარდოს ხანძრით დაზარალებულთა დახმარება, გადაიხედოს გენ.გეგმა, აშენდეს ახალი შენობა ყოფილი ნარკოლოგიურის შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველთათვის, – ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლის გათვალისიწინებასაც ოპოზიცია გორის მერიას მომავალი წლის ბიუჯეტში სთხოვს. 

ფრაქციის “გორი-საქართველოსთვის” წევრები თვლიან, რომ მომავლი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იყოს მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი ისეთი საკითხები, როგორებიცაა მაგალითად: საზოგადოებრვი ტრანსპორტი, მიუსაფარი ცხოველების მართვა, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარება, ქალაქის დაგეგმარება და სხვა. 

“ჩვენი ფრაქციამ შეიმუშავა შენიშვნები გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ თითოეული საკითხი არის მუნიციპალიტეტის მაცოვრებლებისთვის ძალიან პრიორიტეტული”, – ამბობს მამუკა ფანიაშვილი, ფრაქციის თავმჯდომარე. 

“მოზაიკა” გთავაზობთ იმ წინადადებების ჩამონათვალს, რომელთა გათვალისწინებასაც 2024 წლის ბიუჯეტში ფრაქცია „გორი საქართველოსთვის” ითხოვს:
  • ქვეყანაში მომხდარი ბოლოდროინდელი სტიქიური უბედურებების პრევენციის მიზნით, მდინარეების და ხევების კალაპოტების გაწმენდა და ნაპირსამაგრი სამუშაოები;
  • ყოფილი ნარკოლოგიურის შენობაში მცხოვრები ადამიანებისთვის ახალი შენობის აშენება ან/და დროებით გამოსახლება და არსებული შენობის კაპიტალური რემონტი. შენობის ამჟამინდელი მდგომაროება საფრთხის შემცველია მცხოვრებთა ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის;
  • მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხის მოგვარება სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის. საჭიროა გაკონტროლდეს დადგენილი განრიგის შესრულება, ასევე საჭიროა დაემატოს სოფლების მარშუტებს სამუშაო საათები და მორგებული გახდეს მაცხოვრებელთა საჭიროებებზე;
  • შინაური ცხოველების, ძაღლის/კატის აღრიცხვა და დაჩიპვა. აღნიშული სამუშაობისთვის სუბსიდიის გაზრდა სააგენტოსთვის, ასევე უპატრონო ძაღლების/კატების მასობრივი სტერილიზაცია და კასტრაცია;
  • გენერალური გეგმის გადახედვა, მორგება ახალ საჭიროებეზე და დასრულება. გენერალური გეგმის შედგენიდან 5 წელზე მეტი გავიდა, საჭიროა დოკუმენტის განახლება და ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა;
  • წმინდაწყლის და კომბინატის დასახლებებს შორის დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა, რომელიც განტვირთვას ცხილნვალის გზადკეცილზე არსებულ საცობებს და შექმნის ახალ კომერციულ და ინდუსტრიულ ზონებს;
  • მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება და კომერციულად დატვირთვა. ეს, ერთის მხრივ შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ასევე, მოაწესრიგებს გადასასვლელებში არსებულ ანტისანიტარიას;
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ინფრასტრუქტურაზე (სკვერები, მინი მოედნები, დასვენების პარკები) სათვალთვალო კამერების მონტაჟი, რათა უზრუნველყოფილი იყოს ინფრასტრუქტურის დამზიანებელთა იდენტიფიკაცია და გამოვლენა;
  • ხანძრის (გარდა განზრახ გაჩენილი) შედეგად, სრულად/ნაწილობრივ დაზიანებული სახლების მფლობელთათვის ერთჯერადი დახმარების გაზრდა 5 000-დან 20000 ლარამდე, დაზიანების ხარისხის მიხედვით.

ინფორმაციისთვის, გორის მერიაში მომავალი წლის ფინანსურ დოკუმენტზე მუშაობენ. დოკუმენტში 2024 წლის ბიუჯეტი 76 737 300 ლარითაა განსაზღვრული.   

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.