ქარელის მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-დან, კეთილმოწყობის ცენტრიდან 20 ინკასატორი გაათავისუფლეს.
როგორც “მოზაიკას” ა(ა)იპ-ის ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა უთხრა, გათავისუფლების მიზეზად ინკასატორის შტატის გაუქმება დაუსახულეს.
“ორი თვით ადრე გვითხრეს, რომ ამ შტატის გაუქმება იგეგმებოდა. ნოემბერში კი გაგვათავისუფლეს. დაგვპირდნენ, რომ ამ თვის ბოლოს და დეკემბერშიც ხელფასს ჩვეულებრივ ავიღებთ“, – გვითხრა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა.
მისივე თქმით, კეთილმოწყობის ცენტრში ინკასატორების ხელფასი 300 ლარი იყო.
“სამსახურის უფროსის დაპირებით, იანვრიდან დასაქმებასაც ველოდებით”.
ინკასატორების შტატის გაუქმება “მოზაიკას” ა(ა)იპ-ის დირექტორმაც დაუდასტურა. ზვიად იმერლიშვილის თქმით, გადაწყვეტილება თანხების დაზოგვის მიზნით მიიღეს.
“ინკასატორებიც რომ დაგვეტოვებინა, ზედმეტი ხარჯი გამოდიოდა“, – გვითხრა იმერლიშვილმა.
ამიერიდან, ქარელის მოსახლეობა დასუფთავების გადასახადის შესახებ ინფორმაციას ტელეფონზე, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებს.