გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები ჩივიან, რომ მათ გარშემო არ არსებობს სივრცეები, სადაც განვითარებას, განტვირთვას, თანამოაზრეების პოვნას და ცხოვრების გამრავალფეროვნებას შეძლებენ.
მოსწავლეები და სტუდენტები ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტში ასეთი სივრცეების ნაკლებობა არაფორმარული განათლების გავრცელებას და ახალგაზრდების გააქტიურებას აფერხებს.
“ჩვენ გვჭირდება სივრცეები, სადაც თანამოაზრეებს ვიპოვით, მშვიდად ვიმეცადინებთ, იდეებს საქმედ ვაქცევთ””, – ამბობენ ახალგაზრდები.
რა სურთ ახალგაზრდებს?
გიორგი ტლაშაძე 15 წლის არის. ის ხიდისთავის საჯარო სკოლაში სწავლობს და ამავე დროს გორის ახალგაზრდული საბჭოს წევრია.
გიორგი სოფლებში ახალგაზრდული სივრცეების ნაკლებობაზე საუბრობს. მისი თქმით, აუცილებელია ყველა სოფელში ერთზე მეტი სივრცე იყოს, სადაც ახალგაზრდები დასვენებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას შეძლებენ.
“სივრცე, სადაც ახალგაზრდები შევიკრიბებით, ვიმეცადინებთ ან ისე, უბრალოდ რამე აქტივობას მოვაწყობთ, ჩვენს სოფელში არ არის. ჩვენთან არის ერთი სტადიონი, სადაც ბევრი ბავშვი დადის და კიდევ ერთი სკვერი, რომელიც ძალიან შორსაა და ამიტომ ყველა ვერც სარგებლობს იმ სივრცით. ამიტომ მგონია, კარგი იქნება, თუ სოფელში მოეწყობა ისეთი სივრცე, სადაც ახალგაზრდები შეიკრიბებიან, ერთმანეთს უკეთ გაიცნობენ. და რაც მთავარია, ასეთი სივრცე უნდა მოეწყოს ისეთ ადგილას, სადაც ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი იქნება“,– გვითხრა გიორგიმ.
ახალგაზრდები ამბობენ, რომ მათ გარშემო არსებობს ისეთი შენობები, რომლებიც შესაძლოა ახალგაზრდულ სივრცეებად გადაკეთდეს, საჭირო ინვენტარით აღიჭურვოს და თავშეყრის, იდეების განხორციელების ადგილად იქცეს. ამას ამბობს 17 წლის ქეთი შუღლიაშვილიც. ის ამჟამად, საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამაზე სწავლობს შორეული აღმოსავლეთის მიმართულებით, სამომავლოდ კი აპირებს, რომ საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით ახალგაზრდული პრობლემების აღმოფხვრაზე იმუშაოს.
“ჩემი აზრით, სივცრცეები არ გვაკლია, თუმცა სხვა საკითხია რამდენად ადაპტირებულია ისინი და რამდენად მოდის შესაბამისობაში ჩვენს საჭიროებებთან. მე, პირადად ყველაზე მეტად ბიბლიოთეკის კეთილმოწყობილი სივრცე მაკლდა, სადაც შეგეძლებოდა, რომ მშვიდად გემეცადინა, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით”,- ამბობს ქეთი.
16 წლის ლიზი თაბუაშვილი ხიდისთავის სკოლის მოსწავლეა. მომავალში სურს, რომ გრაფიკული დიზაინი შეისწავლოს და პროფესიული უნარები თემის განვითარებას მოახმაროს. თანატოლების მსგავსად, ლიზიც მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული სივრცეები სათანადოდ არ არის ათვისებული.
“გვაქვს სივრცები და ცენტრები, სადაც შეგვიძლია მისვლა და სხვადასხვა პროგრამების განხორციელება, მაგრამ ჩემი აზრით, სწორი მიმართულებით ვერ ვიყენებთ. არ გვყვავს საკმარის “ქოუჩები” იმისთვის, რომ ჩავატაროთ ტრენინგები. პრობლემაა ისიც, რომ ეს სივრცეები შაბათ -კვირა დაკეტილია”, – ამბობს ლიზი.
18 წლის ლაურა ხჩოიანი საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტზე სწავლობს, თუმცა ვიდრე სტუდენტი გახდებოდა, უკვე აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზააციების პროექტებში, სადაც არაფორმალურ განათლებას იღებდა.
ლაურა ახლა, გორის ახალგაზრდული საბჭოს წევრია, სადაც ცდილობს სტუდენტობის პარალელურად, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ხელშეწყობასა და განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ისიც ფიქრობს, რომ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის გაცილებით საინტერესო გარემოს შექმნაა შესაძლებელი.
“ჩემი აზრით, მთავარი პრობლემაა ახალგაზრდების გადინება მუნიციპალიტეტებიდან და უფრო სამწუხაროა, ქვეყნიდან, რაც გამოწვეულიაა ქვეყანაში არსებული სამუშაო პირობებით, მძიმე გრაფიკითა და ანაზღაურებით. უფრო ლოკალურად თუ შევეხებით, ახალგაზრდები მუნიციპალიტეტში საჭიროებენ მეტ შემეცნებით, გასართობ სივრცეებსა და ბანაკებს”, – ამბობს ლაურა.
რას სთავაზობს ახალგაზრდებს გორის მერია
ის, რომ არსებული სივრცეები ახალგაზრდების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, გააზრებული აქვთ გორის მერიაშიც. ამის შესაცვლელად კი გარკვეული სახის გეგმები უკვე დასახულია.
“გორში ახალგაზრდული სივრცეების პრობლემა არ დგას, თუმცა გამოწვევას წარმოადგენს მათი ფუნქციონირების სტილი, ამ სივრცეების დიზაინი და გარემო, სადაც ახალგაზრდამ თავი ბედნიერად და უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს”, – ამბობს გიორგი ედიშერაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი.
აღნიშნული სააგენტო გეგმავს, რომ ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობისთვის ზრუნვა სხვადასხვა მიმართულებით დაიწყოს.
“ერთი კვირის წინ, მეხუთე სამუშაო შეხვედრა გავმართეთ გორელ ახალგაზრდებთან. ამ შეხვედრების ამოცანაა, გავარკვიოთ, როგორი სივრცე სურთ ახალგაზრდებს, როგორი სერვისები და გარემო უნდა არსებობდეს სივრცეში, რომ დღის ან კვირის გარკვეული ნაწილი გაატარონ. ახალგაზრდების უდიდეს ნაწილს მიაჩნია, რომ სივრცე არაფორმალურ, კომფორტულ გარემოს უნდა წარმოადგენდეს, სადაც მათ შეეძლებათ მენეჯერის ან ახალგაზრდული მუშაკის დახმარებით დაგეგმონ და განახორციელონ აქტივობები, მოუსმინონ საინტერესო სპიკერებს, უყურონ ფილმებს, მიიღონ ფსიქოლოგის კონსულტაცია იმ საჭიროებებზე, რომელიც თან ახლავს მოზარდის ზრდა-განვითარებას”, – ამბობს გიორგი.
გიორგის თქმით, ახალგაზრდებთან გავლილი კონსულტაციების შემდეგ, შეიქმნება ახალგაზრდული სივრცეების კონცეფცია/დოკუმენტი, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების გარდა, არასამთავრობო სექტორსაც გაუზიარებენ.
“დოკუმენტში მოცემული იქნება ის რეკომენდაციები და სურვილები, რომელიც სივრცეებთან მიმართებაში ახალგაზრდებს გააჩნიათ. დოკუმენტში ასევე მოცემული იქნება განვითარებული ქვეყნების ახალგაზრდული სივრცეების კარგი პრაქტიკა და მაგალითები”.
გიორგი ედიშერაშვილის თქმით, გარდა ადაპტირებული სივრცეებისა, სააგენტო ახალგაზრებს სამეწარმეო უნარების განვითარებაშიც შეუწყობს ხელს. როგორც ის ამბობს, სწორედ ამ მიზნით უკვე დაიწყო ახალგაზრდებისთვის ისეთი პროგრამის შეთავაზება, როგორიცაა მაგალითად, “ლომჭაბუკის” სკვერში არსებული მინი გალერეა, სადაც დაინტერესებული ახალგაზრდები თექის დამუშავებას, კერამიკაზე მუშაობასა და ფარდაგების ქსოვას სწავლობენ. როგორც გიორგი ამბობს, სამომავლოდ, ადგილობრივი ხელისუფლება ახალგაზრდებს საკუთარი ნამუშევრების რეალიზებაშიც დაეხმარება.
მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).